გიყვართ აჭარული ხაჭაპური? დღევანდელ სტატიაში გასწავლით, როგორ მოამზადოთ ის დამოუკიდებლად სახლის პირობებში.
უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ამ კერძის სამშობლოს სწორედ აჭარა წარმოადგენს. პირადად მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც მის მიმართ გულგრილობით გამოირჩევა. ახლა დროა, გადავინაცვლოთ ჩემს სამზარეულოში და ერთად მოვამზადოთ უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რეცეპტი გამოგადგებათ.
ინგრედიენტები:
- 500 გრამი ფქვილი
- 150 მლ. თბილი წყალი
- 150 მლ. თბილი რძე
- 1/5 სუფრის კოვზი შაქარი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 1 ნედლი საფუარი (42გ)
- 50 მლ. ზეთი
მომზადება:
- ცომი შეგიძლიათ მოზილოთ მხოლოდ თბილი წყლით, მაგრამ ჩემი პირადი რჩევა იქნება, გამოიყენოთ რძეც – ასე კერძს უკეთესი ფერი და გემო ექნება.
- პირველ რიგში, მოცემული რაოდენობით საფუარი უნდა გახსნათ თბილ წყალში, დაუმატოთ ძალიან ცოტა შაქარი და ურიოთ კარგად ინგრედიენტების სრულ გახსნამდე.
- საფუვრიანი წყალი გადაიტანეთ დიდ თასში, დაასხით თბილი რძე, დაამატეთ დარჩენილი შაქარი და ფქვილის დიდი ნაწილი. ზელვის პროცესში დაამატეთ მარილი და დარჩენილი ფქვილი.
- ცომის ამოყვანის პროცესის ბოლოსკენ აუცილებლად უნდა ჩავამატოთ მასში ზეთი. ცომის მზა გუნდა გადაიტანეთ ღრმა თასში და დაასვენეთ მაცივარში რამდენიმე საათით, უმჯობესია მთელი ღამით.
- შიგთავსისთვის ჩვენ დაგვჭირდება უმარილო ყველი, მცირეოდენი რძე და ფქვილი.
- მსხვილად დაფშვნილ ყველს დაუმატეთ 2 ან 3 სუფრის კოვზი რძე და 1-2 სუფრის კოვზი ფქვილი, კოვზით კარგად გადაურიეთ. ფქვილს ვუმატებთ იმისათვის, რომ გამოცხობისას ყველი არ ადუღდეს.
- სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ მცირეოდენი ფქვილი, გადმოიტანეთ მასზე დასვენებული, დაყოვნებული ცომი და დაყავით თანაბარი ზომის გუნდებად (4 გუნდა). გადააფარეთ მათ სამზარეულოს სუფთა ტილო და დატოვეთ კიდევ დაახ. 30 წუთით.
- თითებით გააბრტყელეთ ცომის გუნდა, ეცადეთ, გვერდებს არ შეეხოთ. გაბრტყელებული ცომი გადაკეცეთ ორივე გვერდიდან და მიეცით მას აჭარული ხაჭაპურის ფორმა. დეტალურ, უფრო თვალსაჩინო ინსტრუქციას თქვენ იხილავთ ვიდეოში.
- გადაიტანეთ ის საცხობ ფორმაზე და შემდეგ მოათავსეთ გულში რამოდენიმე კოვზი ყველი. შედგით ის წინასწარ 220-250 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 10-12 წუთის განმავლობაში.
- უკვე გამომცხვარ ხაჭაპურს ზედმეტი ცომი შეგიძლიათ გამოაცალოთ ჩანგლის გამოყენებით, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სურვილით. შემდეგ მოათავსეთ ზედ 1 კვერცხის გული და კვლავ დააბრუნეთ ღუმელში სულ რაღაც 1 ან 2 წუთით. სულ ბოლოს დაუმატეთ კარაქის პატარა ნაჭერი.
- გემრიელად მიირთვით!