არომატული სომხური პური მატნაკაში, რომელიც სახლში შეგიძლიათ გამოაცხოთ

270

არომატული სომხური პური მატნაკაში ყველამ უნდა გასინჯოს! ამაში თავად დავრწმუნდი, როცა პირველად გამოვაცხვე. პირველ რიგში, სახლის ცომეული ყოველთვის კარგი იდეაა. მაღაზიის პურცომეული მის გვერდით ვერ დადგება. მეორეც, ავთენტური რეცეპტით სხვა ხალხის კულტურაზე ხელის შეხებას შეძლებთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ, როგორ გამოაცხოთ ნაზი პური ხრაშუნა ქერქით.

სომხური პური

მოსამზადებლად 2 ჯგუფის ინგრედიენტები დაგჭირდებათ. პირველი, ძირითადი მასა, რომელიც მშრალი საფუარისგან მზადდება. მეორე ფქვილის კონცენტრატის მოსამზადებლად საჭიროა. მშრალი საფუარი ცოცხალით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. პროპორციები სტანდარტულია: 1 ჩ/კ მშრალი პროდუქტი 10 გრამ ნედლ საფუარს უდრის.

ცომის ინგრედიენტები:

  • 320 მლ თბილი წყალი
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 400 – 430 გ გაცრილი ხორბლის ფქვილი
  • 2–3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი

ფქვილის კონცენტრატის ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ ხორბლის ფქვილი
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • მწიკვი მარილი და შაქარი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ძირითადი ცომისთვის ხაში მოამზადეთ. ღრმა თასში თბილი წყალი, საფუარი და 1 ჩ/კ შაქარი აურიეთ. ცოტა ფქვილი თვალით დაუმატეთ. ხაშის მასა თხევადი არაჟნის მსგავსი უნდა იყოს.

2. თასს პარკი და პირსახოცი დააფარეთ და სითბოში 20 წუთით გააჩერეთ. ცომის ხაში მსუბუქად გახურებულ ღუმელში ან გათბობის ბატარეის გვერდით გააჩერეთ. ასევე საფუარის თასი შეგიძლიათ ონკანის ცხელი წყლით ნახევრად სავსე თასზე დადოთ.

3. დარჩენილ ფქვილს მარილი დაუმატეთ. მზა ხაში ფქვილში გადაიტანეთ და ცომი მოზილეთ. სპეციალური სპატულით ამის გაკეთება უფრო მოსახერხებელია, რადგან ცომი ხელს ძლიერ მიეკვრება. ასეც უნდა იყოს.

4. სამუშაო ზედაპირს მცენარეული ზეთი უხვად წაუსვით. ხელებზეც წაისვით. ცომი მაგიდაზე გადაიტანეთ და ხელით კიდევ 5 წუთით ჩაზილეთ. თუ სპეციალური ცომის საცმის მქონე მიქსერი გაქვთ, გამოიყენეთ. საბოლოოდ ძალიან რბილ და ელასტიურ ცომს მიიღებთ.

5. ცომი უხვად ზეთწასმულ თასში გადაიტანეთ. პარკი და პირსახოცი დააფარეთ, შემდეგ 1 საათით სითბოში გააჩერეთ.

6. როცა ცომი კარგად ამოვა, ჩაზილეთ და დააგუნდავეთ. ზეთწასმულ პერგამენტზე გადაიტანეთ. ზემოდან პარკი დააფარეთ და კიდევ 15 წუთით გააჩერეთ.

ამ ეტაპზე ღუმელი ჩართეთ. სომხური პურის მოსამზადებლად 230 გრადუსია საჭირო. საცხობი ფორმა კარგად უნდა გახურდეს. ღუმელის ქვედა ნაწილში ღრმა ფორმა ჩადეთ, მასში წყალი ჩაასხით, რომ ორთქლის აბანოს ეფექტი შექმნათ.

ფქვილის კონცენტრატის მომზადება

1. სანამ მომავალ პურს გამოაცხობთ, სპეციალური ფქვილის კონცენტრატი წაუსვით. მის მოსამზადებლად წყალი, ფქვილი, შაქარი და მარილი აურიეთ. კოშტები არ უნდა დარჩეს.

2. ნარევი ღრმა ტაფაზე ხარშეთ, რომ მსუბუქად გასქელდეს. როგორც წესი, 1–2 წუთი საკმარისია.

3. პერგამენტზე დასვენებული პური მთელ სიგრძეზე გაწელეთ ისე, რომ დიდი კვერი მიიღოთ. ახლა ცომს ფქვილის კონცენტრატი წაუსვით. ასე პურის ქერქი ხრაშუნა გამოვა.

4. თითებით მატნაკაშისთვის დამახასიათებელი ნახატები გააკეთეთ. ესაა ოვალი და ორი პარალელური ზოლი მის შიგნით. ცომს პარკი დააფარეთ და კიდევ 10 წუთით გააჩერეთ.

5. მზა ცომი ცხელ ფორმაზე მოათავსეთ. ორთქლის აბანოს ფორმაში 150 მლ ცხელი წყალი ჩაასხით. პური 230 გრადუსზე 5-7 წუთით აცხვეთ. შემდეგ 200 გრადუსზე 10-15 წუთით აცხვეთ. თქვენი ღუმელის მუშაობის მიხედვით იმოქმედეთ.

სომხური პურის მოსამზადებლად ფქვილის კონცენტრატის გამოყენება აუცილებელი არაა. ეს ეტაპი შეგიძლიათ გამოტოვოთ. პროცესი დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ღირს.