ყაბაყის კრემ – სუპი, რომელიც ზაფხულს გაგილამაზებთ

521

რას იტყვით საზაფხული კრემ-სუპზე? ყაბაყი ყველაზე საზაფხულო ბოსტნეულია, ამიტომ მის გარეშე არ ვაპირებ არაფრის მომზადებას. უმარტივესად და უსწრაფესად შეგიძლიათ გაილამაზოთ ზაფხულის გრილ საღამოს ვახშამი.

ყაბაყი – უნივერსალური ბოსტნეულია. მისგან ნებისმიერი კერძის მომზადება შეგიძლიათ. ყაბაყისგან მომზადებული კრემ-სუპი უნაზესი გამოდის, მთავარია მოინდომოთ და გულით მოამზადოთ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ინგრედიენტების ხარისხს, რადგან უხარისხო ინგრედიენტებისგან იდეალური კერძის მომზადება შეუძლებელია.

ინგრედიენტები

  • 1 ყაბაყი
  • 250გ ქამა სოკო
  • 1 ხახვი
  • 250გ კარტოფილი
  • 60გ ნაღები
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 200მლ წყალი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.დაჭერით ყაბაყი და სოკო. დააქუცმაცეთ ხახვი.

2.ტაფაზე გაალღვეთ კარაქი და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი. ტაფაზე დაყარეთ ხახვი. მოთუშულ ხახვს დაუმატეთ სოკო და ყაბაყი. მოთუშეთ ბოსტნეული საშუალო ცეცხლზე 10 წუთი.

3.გაასუფთავეთ კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად. დაუმატეთ ტაფაზე არსებულ მასას. დაასხით 200მლ წყალი და მოხარშეთ კარტოფილი დაახლოებით 10 წუთი.

4.დაუმატეთ ნაღები, მარილი, წიწაკა გემოვნებით. აადუღეთ სუპი და გადმოიტანეთ ცეცხლიდან. სურვილისამებრ დაუმატეთ სანელებლები.

5.დააბლებნდერეთ ბოსტნეული. მოთუშეთ დაჭრილი სოკო გასაფორმებლად.

გემრიელად მიირთვით!