ფუნთუშა „მარიტოცო“: პოპულარული იტალიური ცომეული

426

ოჰ, რა გემრიელია იტალიური დესერტები. თუ ერთხელ მაინც გაგისინჯავთ ნაზი ტირამისუ ან საოცარი პანაკოტა, იცით, რამდენად კარგია ხმელთაშუა ზღვისპირეთის ტკბილი კერძები. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ზღაპრულად გემრიელ იტალიურ დესერტს. ფაფუკი ფუნთუშა „მარიტოცო“ თავისი სინაზით დაგიპყრობთ.

პირში მდნობი თაფლიანი ცომი, უნაზესი კრემი და მსუბუქი ციტრუსის ნოტები. გემრიელი ფუნთუშების ღუმელიდან გამოღებისას მთელი სახლი საოცარი სურნელით ივსება.

როგორ მოვამზადოთ იტალიური ფუნთუშები „მარიტოცო“

მნიშვნელოვანი ნიუანსი. ცომის მოსამზადებლად ლიმონის ცედრა აუცილებელია. სწორად გახეხეთ. ამ პროცესისას ციტრუსის თეთრ ნაწილს არ შეეხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიმწარეს იგრძნობთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ხორბლის ფქვილი
  • 280 მლ რძე
  • 2 ს/კ შაქარი
  • 2 მწიკვი ვანილი
  • 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა
  • 500 გ ნაღები
  • 10 გ საფუარი
  • 60 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს/კ თაფლი
  • 3 ს/კ შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

1. ხორბლის ფქვილი გაცერით. სწრაფად მოქმედი საფუარი დაუმატეთ. მარილი, შაქარი და 1 მწიკვი ვანილი დაუმატეთ და აურიეთ. ცენტრში პატარა ჩაღრმავება გააკეთეთ.

2. 240 მლ თბილი რძე და მზესუმზირის ზეთი ჩაასხით. წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა, თხელი თაფლი და 1 კვერცხი დაუმატეთ. ზეთი წაისვით და რბილი ელასტიური ცომი მოზილეთ.

3. ცომი 6-8 წუთით მოზილეთ. პარკი დააფარეთ და 60 წუთით სითბოში გააჩერეთ.

4. ამოსული ცომი 12 თანაბარ ნაწილად გაყავით. თითოეული დააგუნდავეთ. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. პირსახოცი დააფარეთ და 20 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

5. კვერცხი და დარჩენილი რძე ათქვიფეთ. მიღებული ნარევი ცომის გუნდებს წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ. გაგრილება აცადეთ.

6. კრემი მოამზადეთ. ცივი ნაღები (33%–იანი), შაქრის ფხვნილი და 1 მწიკვი ვანილი მყარი პიკის მიღებამდე ათქვიფეთ.

7. ცივი ფუნთუშები შუაზე გაჭერით, ბოლომდე არ ჩაჭრათ. ნაღების კრემით გაავსეთ. ფუნთუშების ორივე ნაწილს მსუბუქად დააჭირეთ. ზედმეტი კრემი დანის ბლაგვი მხრიდან მოაშორეთ.

მზა ფუნთუშები 2–3 საათით მაცივარში კრემის დასტაბილურებამდე მოათავსეთ. შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და ფინჯან ცხელ ჩაისთან ან ყავასთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით.