“ზახერი” ვენური შოკოლადის ნამცხვარია. ის 1832 წელს შეფმზარეულმა ფრანც ზახერმა გამოიგონა უფლისწულ მეტერნიხის პატივსაცემად. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია, ასე რომ შეუდექით საქმეს და გაახარეთ ოჯახის წევრები “შავტუხა” ტორტით.
ინგრედიენტები:
ტორტი
- 120 გ ტკბილ-მწარე შოკოლადი (დამტვრეული)
- 150 გ უმარილო კარაქი (დარბილებული)
- 100 გ შაქარი
- 1/2 ჩ.კ. ვანილი
- 6 კვერცხი (გული და ცილა განცალკევებული)
- 120 გ ფქვილი
- 100 გ შაქარი
- 200 გ გარგარის ჯემი
ჟელე
- 200 გ შაქარი
- 120 მლ წყალი
- 150 გ ტბილ-მწარე შოკოლადი (გამდნარი)
ულუფა: 10-12
მომზადება: 50 წუთი +5-6 საათი გასაცივებლად
ცხობა: 50-60 წუთი
მომზადების წესი:
- ტორტი: ღუმელი 170 გრადუსზე გააცხელეთ. ტორტის საცხობ ფორმაში ძირის ზომაზე გამოჭრილი (25 სმ ) პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ძირსა და გვერდებზე გამდნარი კარაქი მოუსვით და ფქვილი მოაფრქვიეთ.
- შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. გადადგით გასაცივებლად.
- კარაქი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, კრემისებური მასა უნდა მიიღოთ. სათითაოდ ჩაამატეთ კვერცხის გულები და კარგად ათქვიფეთ. შოკოლადი კოვზით აურიეთ.
- ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა. თანდათან დაამატეთ შაქარი და თქვიფეთ გამკვრივებამდე.
- შემდეგ კოვზით შოკოლადის ნარევს შეურიეთ და ფქვილი შეაზილეთ. გადაიტანეთ წინასწარ გამზადებულ ფორმაში.
- აცხვეთ 50-60 წუთის განმავლობაში.
- 10 წუთით ფორმაშივე გააჩერეთ, შემდეგ კი ცხაურზე გადაიტანეთ.
- 15 წუთი აცადეთ გაცივება, შემდეგ პერგამენტის ქაღალდი მოაცილეთ. გადმოატრიალეთ ბოლომდე გააცივეთ.
- ბისკვიტი ჰორიზონტალურად, ორ თანაბარ ნაწილად გაჭერით. გარგარის ჯემი შეათბეთ. ბისკვიტის ქვედა ნაწილი თეფშზე გადაიტანეთ და გარგარის ჯემის მესამედი წაუსვით. ბისკვიტის ზედა ფენა დააფარეთ და დარჩენილი ჯემი წაუსვით.
- ჟელე. წყალი და შაქარი პატარა, სქელძირიან ქვაბში ადუღეთ 5-6 წუთის განმავლობაში, შაქრის გადნობამდე. გააგრილეთ.
- შოკოლადი შაქრის ნარევთან ერთად ათქვიფეთ, სანამ აბრეშუმივით ნაზი არ გახდება. როდესაც გაგრილდება, ნამცხვარს მოასხით, თეფში ისე ატრიალეთ, რომ შოკოლადი ყველა მხარეს თანაბრად გადანაწილდეს. ზედაპირი და გვერდები კარგად მოუსწორეთ.
- მირთმევამდე 5-6 საათით გააცივეთ.