სახელდახელო ხაჭაპური მაწვნის ცომით სწრაფად და მარტივად. გამოდის ძალიან გემრიელი

9134

ხაჭაპური – ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს.

დღევანდელ სტატიაში მსურს, ერთად მოვამზადოთ სახელდახელო ხაჭაპური მაწვნის ცომით, რომელიც მართლაც რომ ძალიან გემრიელი გამოდის. როდესაც გასინჯავთ, აუცილებლად დამეთანხმებით. რეცეპტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ არის საკმაოდ მარტივი და მოითხოვს მცირე დროს. ახლა კი გადავინაცვლოთ ჩემს სამზარეულოში და ერთად მოვამზადოთ ძალიან გემრიელი ხაჭაპური მაწვნის ცომით.

სახელდახელო ხაჭაპური

დაგვჭირდება:

  • 500 გრამი მაწონი
  • 850 გრამი ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 250 გრამი გამდნარი კარაქი ან მარგარინი
  • ნახევარი ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა
  • 1 კგ ფეტა ყველი
  • 250 გრამი მოცარელა

მომზადება:

  1. პირველ რიგში, მაწონს უნდა დავუმატოთ სოდა, კარგად მოვურიოთ და დავაყოვნოთ რამდენიმე წუთით, რათა სოდა გააქტიურდეს.
  2. კვერცხი მოათავსეთ თასში და კარგად გათქვიფეთ, დაუმატეთ მუდმივი მორევის პირობებში მარილი და გამდნარი კარაქი ან მარგარინი. როდესაც ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გაიხსნება, უნდა შევუდგეთ სოდიანი მაწვნის ნელ-ნელა ჩამატებას.
  3. გათქვეფილ მასაში, ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით ფქვილი და კარგად ზილეთ მასა, ამოიყვანეთ ცომი.
  4. შეკრული ცომი გადმოიტანეთ დაფაზე და კიდევ ერთხელ კარგად დაამუშავეთ ხელებით, შემდეგ გაყავით ორ ნაწილად, მოათავსეთ თასში, გადააფარეთ სტრეჩი (საკვების პლიონკა) და დაასვენეთ მაცივარში დაახლოებით 1 საათით.
  5. სანამ ცომი ისვენებს, გახეხეთ ფეტა ყველი და მოცარელა საშუალო სისქის სახეხზე.
  6. სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ფქვილი, გადმოიტანეთ ზედ ცომი და კარგად გააბრტყელეთ თქვენი გამოსაცხობი ფორმის ზომის მიხედვით. ზედმეტი კუთხეები და გვერდები ჩამოაჭერით დანით.
  7. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და გადაიტანეთ მასზე გაბრტყელებული ცომი. თუ საცხობი ქაღალდი არ გაქვთ, ფორმას შეგიძლიათ მცირეოდენი ფქვილი მოაყაროთ ზემოდან.
  8. ცომის ფენაზე თანაბრად გაანაწილეთ 1 კგ გახეხილი ფეტა ყველი (შეგიძლიათ ნებისმიერი ყველის გამოყენება, მთავარია ის იყოს უმარულო ან ნაკლებად მარილიანი) და შემდეგ ზემოდან მოაყარეთ გახეხილი მოცარელა.
  9. გააბრტყელეთ ცომის მეორე ნახევარი იგივე ზომაზე და დააფინეთ ის ზემოდან ცომისა და ყველის ფენას. კუთხეები აუცილებლად ჩაუკეცეთ ძალიან კარგად და შეკარით, რათა გამოცხობისას ის არ გაიხსნას და გულსართი არ გადმოიღვაროს.
  10. ორი კვერცხის გული ათქვიფეთ და სპეციალური ფუნჯის გამოყენებით წაუსვით ის ზემოდან ჩვენს ხაჭაპურს. შუაში გაუკეთეთ აუცილებლად პატარა ნახვრეტი, რათა გამოცხობის დროს ცომი არ გაიბეროს.
  11. მოათავსეთ ის 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით. გაითვალისწინეთ, ყველა ღუმელი ინდივიდუალურია.
  12. გემრიელად მიირთვით!