როგორ მოვამზადოთ საუკეთესო ხარისხის ერბო სახლის პირობებში

3772

საუკეთესო კარაქი მზადდება პასტერიზებული ნაღებისაგან. კარგი ხარისხის კარაქის შედგენილობაში უნდა იყოს 80-83 % ცხიმი, არა უმეტეს 15-16 % წყალი, 1% ცილა და სხვა არაცხიმოვანი ნივთიერებები.

მარილიან კარაქში არის 1,2-დან 1,5%-მდე მარილი. ცხიმი მასში 81 % ნაკლები არასდროს არ არის, მარილიანი კარაქი მეტად კარგი გამოსაყენებელი ცხიმია კულინარიაში.

ერბო იგივე კარაქია გადამდნარი სახით. მისი გადადნობა 75-80 გრადუს ტემპერატურაზე ხდება. ერბოს დიდი გამოყენება აქვს კულინარიაში. მის შემადგენლობაშია 98 % ცხიმი.

ამჟავებული კარაქიდან შეგვიძლია კარგი ერბო მივიღოთ: 

კარაქი მოვზილოთ ცივ წყალში და რამდენიმეჯერ წამოვადუღოთ. შემდეგ ჩავახეხოთ ვაშლი, კომში ან სტაფილო და კიდევ წამოვადუღოთ. თბილადვე გადავწუროთ. გავაცივოთ გრილ ადგილას. მივიღებთ ვიტამინებით გამდიდრებულ, კარგი ხარისხისა და გემოს ერბოს. დარჩენილი ნალექი შევინახოთ და ვიხმაროთ კერძებში.

ამჟავებული ერბო შემდეგნაირად გადამუშავდება: 

თითო კილოგრამ ამჟავებულ ერბოზე ავიღოთ თითო ჩაის ჭიქა რძე და ერთად ავდღვიბოთ. ერბო ჯერ დაიშლება, შემდეგ ისევ შეიკვრება. რძე გადავღვაროთ, ერბო კი რამდენიმეჯერ ამოვავლოთ ცივ წყალში.

შეიძლება ასეთი წესითაც ვისარგებლოთ: 

ამჟავებული ერბო ჩავდოთ დიდი ზომის ქვაბში, დავასხათ იმდენი ცივი წყალი, რომ ერბო დაფაროს. შევდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ. შემდეგ გავაცივოთ, წყალი გადავღვაროთ. ასე გავიმეოროთ 3-4-ჯერ. შემდეგ ერბო ამოვავლოთ ცივ წყალში და შევინახოთ თავმოკრულ თიხის ქილაში. ერბოს გადადნობოს დროს მთავარია ქაფის მოხდა, რაც აუმჯობესებს მის ხარიხს.

სცადეთ ერბოს მომზადება გასტრონომიის მიერ შემოთავაზებული ინსტრუქციით და გაგვიზიარეთ შედეგი კომენტარებში.