როგორ მოვამზადოთ აკროშკა – მარტივი ხრიკები გემრიელი წვნიანის მოსამზადებლად

1624

აკროშკა რუსული სამზარეულოს პოპულარული კერძია. აკროშკას რეცეპტი მარტივად შეიძლება ასე აღვწეროთ – წვრილად დაჭრილი ახალი ბოსტნეული ცივი სითხით მორთული. კერძის ტრადიციულ ბაზად ბურახი ითვლება, თუმცა ხშირად კიტრის ან კომბოსტოს მარილწყალს იყენებენ. დღესდღეობით ბაზად მჟავე რძეს, კეფირს, იოგურტს, მინერალურ წყალს და ლუდს იყენებენ. საზაფხულოდ აკროშკა იდეალური გადაწყვეტილებაა. პირველ რიგში, ცხელ ამინდში შესანიშნავად გაგაგრილებთ. მეორე მხრივ, მას მოხარშვა არ სჭირდება, რითაც ბოსტნეულში ვიტამინებს ინარჩუნებს.

რით აკეთებენ აკროშკას

ყველაზე პოპულარული პროდუქტებია – კიტრი, სტაფილო, ბოლოკი, მწვანილი (ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი) და მოხარშული კარტოფილი. ასევე აკროშკა შეგიძლიათ მოხარშული ქათმის ან თევზის ხორცით მოამზადოთ. მოხარშულ კვერცხს და არაჟანს ჩვეულებრივ სუფრაზე გატანის წინ ამატებენ.

ხორცი და ბოსტნეული თანაბრად უნდა აიღოთ. გემოს გასამდიდრებლად სჯობს ხორცის რამდენიმე სახეობა გამოიყენოთ: ძროხის, ღორის, ქათმის ხორცი. თუმცა შეგიძლიათ მხოლოდ ძროხის ხორცით შემოიფარგლოთ. ხორცი ნაზი და რბილი, სჯობს უძვლო იყოს.

აკროშკისთვის ნეიტრალური, ოდნავ მოტკბო გემოს თევზი შეარჩიეთ: ჭანარი, ფარგა ან ვირთევზა. მას ხარშავენ და წინასწარ რამდენიმე კუბებად ჭრიან.

რომელი ბურახი შევარჩიოთ

აკროშკის გემო ბურახის ხარისხზე დიდად დამოკიდებულია. სასურველია შინაურული ბურახი გამოიყენოთ, თეთრი და მჟავე ბურახი საუკეთესოა. განსაკუთრებით თევზის აკროშკის დროს აქტუალურია, რომელიც სჯობს ლიმონის წვენით დაამჟავოთ. ბოსტნეულის და ხორცის აკროშკას შეგიძლიათ უფრო ტკბილი ბურახი დაასხათ.

ბურახის რეცეპტი აკროშკასთვის

ჭვავის პური პატარა ნაჭრებად დაჭერით და ღუმელში მობრაწეთ (რაც უფრო ძლიერად მობრაწავთ, მით უფრო მუქი ფერის ბურახს მიიღებთ). შემდეგ პურს მდუღარე წყალი დაასხით და თბილ ადგილას 4-5 საათით დადგით. მიღებული ნარევი გადაწურეთ, შაქარი და საფუარი დაუმატეთ. მკვრივი ქსოვილი დააფარეთ და თბილ ადგილას რამდენიმე საათით გააჩერეთ. 500 გრ პურზე 50 გრ საფუარი, 4 ლ წყალი და 200 გრ შაქარი დაგჭირდებათ.

აკროშკას მოსართავი

სიცხარის შესამატებლად მდოგვი და დაფქული შავი წიწაკა ცოტა ბურახს წინასწარ აურიეთ. დაჭრილ პროდუქტს მოსართავი მოასხით და ცოტა ხნით დააყენეთ, შემდეგ ბურახი დაასხით. ბოსტნეულის აკროშკას რეცეპტში მდოგვის ნაცვლად პირშუშხა და წვრილად დაჭრილი მწვანილი – კამა, ნიახური, ოხრახუში გამოიყენეთ.