როგორ გამოვაცხოთ იდეალური ლობიანი

4750

ლობიანის გულსართს შეგიძლიათ ცხიმში მოშუშული ხახვი და ცოტაოდენი ქონდარიც დაუმატოთ. ლობიო წინა ღამით ჩაალბეთ წყალში, ასე უფრო მალე მოიხარშება. თუ დრო არა გაქვთ, შეგიძლიათ კარგად მოხარშული ლობიო კანიანად ჩაზილოთ.

ინგრედიენტები:

ცომი 

  • 1 კგ ფქვილი
  • 3 კვერცხის გული
  • 400 მლ რძე
  • 100 მლ წყალი
  • 100 გ კარაქი
  • 30 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი

გულსართი

  • 800 გ ლობიო
  • 200 მლ ზეთი ან 150 გ გამდნარი ღორის ქონი
  • მარილი, პილპილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
  • 1-2 ს.კ. სოდა

მომზადების წესი:

  1. ცომი. ჯამში ჩაასხით თბილი რძე და დაუამატეთ წყალი.
  2. რძისა და წყლის ნარევში ჩაყარეთ საფუარი და კარგად გახსენით.
  3. გაადნეთ კარაქი ოღონდ არ აადუღოთ. რძეში გახსნილ საფუარს დაუმატეთ მარილი და გამდნარი კარაქი.
  4. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, ცომს შეურიეთ კვერცხის გულები და სათქვეფლით კარგად აურიეთ.
  5. დააყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
  6. როცა ცომი აფუვდება, ჩაზილეთ ზეთიანი ხელებით, კვლავ გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
  7. გულსართი. ლობიოს დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. როდესაც ადუღდება, გადმოდგით, შეუდგით ცივ გამდინარე წყალს, შემდეგ  მოაყარეთ სოდა, კარგად ასრისეთ და ასე გააცალეთ კანი მარცვლებს.
  8. ლობიოს გაავლეთ წყალი, ჩააბრუნეთ ქვაბში, დაასხით ცხელი წყალი და მოხარშეთ.
  9. მოხარშული ლობიო გადაწურეთ, ამოზილეთ, შეანელეთ მარილით, წიწაკითა და ცხიმით.
  10. როდესაც ცომი აფუვდება, 300-გრამიან გუნდებად დაყავით.
  11. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მრგვალად.
  12. თითოეულ ფენაზე მოათავსეთ 300 გ ლობიოს გულსართი და პირი მოუკარით.
  13. ამოატრიალეთ და გააბრტყელეთ.
  14. ლობიანი მოათავსეთ საცხობ ფურცელზე და გახურებულ ღუმელში 20 წუთი აცხვეთ.