პატარა ხრიკები, როგორ მოამზადოთ ყველაზე წითელი ბორში

729

ნებისმიერ გამოცდილ დიასახლისს ბორშის საფირმო რეცეპტი აქვს, თუმცა მომზადების ნიუანსებზე ყველა არ ღელავს. მაგალითად, როგორ შევინარჩუნოთ ბორში წითელი, რატომ დავუმატოთ შაქარი და ა.შ. Gastronomia.ge–ს რედაქცია ამ კითხვებზე გიპასუხებთ, ასევე ალუბლით წითელი ბორშის მომზადების ორიგინალურ რეცეპტს გიზიარებთ. თითებს ჩაიკვნეტთ!

როგორ შევინარჩუნოთ ბორში წითელი

იდეალური ბორშის მისაღებად რამდენიმე წესის ცოდნა საკმარისია. მაგალითად, ამ კერძში შაქარს ცოტა თუ ამატებს. ეს აუცილებელია, რომ მოიშოროთ ჭარხლის გემო, რომელიც ყველას არ მოსწონს.

გარდა ამისა, წვნიანს პომიდვრის პასტა ან სოუსი ზედმეტ სიმჟავეს მატებს. შაქრით ამ პრობლემას მოაგვარებთ. შაქარი კერძში ყველა ბოსტნეულის წვნიანობას ინარჩუნებს და ხორციანი ბულიონის გემოს გაჯერებულს ხდის. შაქარი გემოების საერთო ბალანსისთვის აუცილებელია. ღია ფერის სანელებლებს ამუქებს, ასე მათ თვისებებს ახლებურად ავლენს.

ოღონდ შაქარი გადაჭარბებით არ უნდა დაუმატოთ. 2–3 ჩაის კოვზი სამლიტრიან ქვაბში საკმარისია. ჩვეულებრივ, ასეთი მოცულობისთვის 2-3 საშუალო ზომის ჭარხალი გამოიყენება. შაქარი კარგია, მაგრამ როგორ შევინარჩუნოთ წითელი ბორში?

ამ მიზნით ძმარი დაუმატეთ. რამდენიმე სუფრის კოვზი ძმარი ბორშის საკაზმს დაუმატეთ, როცა გახეხილ ჭარხალს სხვა ბოსტნეულთან ერთად მოთუშავთ. ლიმონმჟავას ან ახალდაწურულ ლიმონის წვენს მსგავსი მოქმედება აქვს.

ბორშის ფერზე თავად ჭარხალიც გავლენას ახდენს. მოგრძო ფორმის ძირნაყოფი იყიდეთ. როგორც წესი, გაცილებით ნაჯერი ფერი აქვს. თუ გათლისას ხედავთ, რომ ჭარხალი ძალიან მკრთალია, არ გამოიყენოთ. საკვები ჯიშია და ბორშს ვერ გააწითლებს.

როგორ მოვამზადოთ წითელი ბორში ალუბლით

წითელი ბორში ალუბლით ტრადიციული უკრაინული კერძია. რეცეპტი უკრაინის ქალაქ ვინიციაში შეიქმნა. ამ ბორშის ხიბლი ისაა, რომ ალუბალი თავის წვენს წვნიანს აძლევს და ისე მოქმედებს, როგორც ძმარი ან ნებისმიერი სხვა მჟავა. ალუბლის წყალობით ბორში კაშკაშა წითელი ხდება. მარტივ რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 400-500 გ ძვლიანი ხორცი
  • 200-300 გ ახალი ან გაყინული ალუბალი
  • 400 გ კარტოფილი
  • 300 გ კომბოსტო
  • 150 გ სტაფილო
  • 300 გ ჭარხალი
  • 200 გ ხახვი
  • 1–2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 2–3 ჩ/კ შაქარი
  • მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ხორცი გარეცხეთ, წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. პირველი ბულიონი გადაასხით, შემდეგ სუფთა წყალი დაასხით და მომზადებამდე ხარშეთ.

2. ჭარხალი და სტაფილო გათალეთ, მსხვილად გახეხეთ ან თხელ ზოლებად დაჭერით. ხახვიც გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ. ხახვი, ჭარხალი და სტაფილო ღრმა ტაფაში დარბილებამდე მოთუშეთ. ბოსტნეულს დაუმატეთ პომიდვრის პასტა, მარილი, შაქარი და დაფქული შავი წიწაკა. რამდენიმე წუთით მოთუშეთ.

3. კარტოფილი გათალეთ და კუბებად დაჭერით, კომბოსტო წვრილად დაჭერით. ბულიონი გადაწურეთ და ცეცხლზე დააბრუნეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, კარტოფილი და კომბოსტო დაუმატეთ. ბულიონი ისევ აადუღეთ, ახლა მოთუშული ბოსტნეული და ალუბალი დაუმატეთ. კერძი კარტოფილის მომზადებამდე ხარშეთ. წითელი ბორში არაჟნით და ნივრის პამპუშკებით სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

თუ თქვენი ალუბალი ძალიან მჟავეა, პომიდვრის პასტა ბორშს შეგიძლიათ საერთოდ არ დაუმატოთ. გაითვალისწინეთ, რომ დაკონსერვებული ალუბლის გამოყენება არ ღირს, რადგან მასში ზედმეტად ბევრი შაქარია. შებოლილ ან დამჟავებულ ალუბალსაც იყენებენ.