ორფერა ნამცხვარი შოკოლადით, რომელიც ყოველთვის იდეალური გამოდის

193

ძალიან ფაფუკი ნამცხვრის მომზადება არა მხოლოდ გამოცდილ მზარეულებს შეუძლიათ. ასეთი ტკბილეულის გამოცხობა შეუძლია დიასახლისსაც, რომელიც საკონდიტრო საქმიდან შორსაა. კარგი რეცეპტი საქმის ნახევარია. Gastronomia.ge–ს რედაქცია სწორედ ასეთ რეცეპტს გიზიარებთ. გიამბობთ, როგორ გამოაცხოთ ჰაეროვანი ორფერა ნამცხვარი ისე, როგორც პოპულარულ საკონდიტრო მაღაზიებშია.

ინგრედიენტების სიაში სოდა და გამაფხვიერებელი არ შედის, მაგრამ საოცრად ფაფუკი და მაღალი დესერტი გამოდის. ეს ყველაფერი ცხობის იდეალური ტექნიკის ხარჯზე, რომელზეც ვეღარ გავჩუმდებით. მომზადების ნიუანსების დამახსოვრებას გირჩევთ.

როგორ გამოვაცხოთ ორფერა ნამცხვარი სწორად

ცომი კარგად რომ ამოვიდეს, სპეციალური კონსტრუქცია გააკეთეთ. დაგჭირდებათ დიდი ცეცხლგამძლე ჭურჭელი ან 6 სმ–ზე მეტი სიღრმის საცხობი ფორმა. შიგნით 20×20 სმ და 10 სმ სიმაღლის საცხობი ფორმა ჩადეთ. ამ ფორმაში მოვათავსებთ მომავალ ნამცხვარს. დიდი ზომის ფორმაში მდუღარე წყალი ჩაასხით. ამ ხრიკით საოცრად ფაფუკი ნამცხვარი გამოვა. არ იდარდოთ, ცომი არ დაეცემა.

ინგრედიენტები:

  • 8 კვერცხი
  • ვანილი გემოვნებით
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 160 მლ რძე
  • რძიანი შოკოლადი გემოვნებით
  • 150 გ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 120 გ ხორბლის ფქვილი
  • 25 გ კაკაოს ფხვნილი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. გულებს მარილი და ვანილი დაუმატეთ. მზესუმზირის ზეთი და 120 მლ ოთახის ტემპერატურის რძე ჩაასხით. სათქვეფით აურიეთ.

2. ხორბლის ფქვილი დაუმატეთ. ერთიანი მასის მიღებამდე აურიეთ. მიღებული ნარევი ორ ნაწილად გაყავით, ერთი ნაწილი ცალკე თასში გადაასხით.

3. ცომის ერთ ნაწილს კაკაოს ფხვნილი და 40 მლ რძე დაუმატეთ. ერთიანი მასის მიღებამდე სათქვეფით კარგად აურიეთ.

4. კვერცხის ცილები ფაფუკი თეთრი მასის მიღებამდე ათქვეფეთ. მიქსერი გამოიყენეთ. თანდათან შაქარი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. ლიმონის წვენი ჩაასხით და ფაფუკი მასის მიღებამდე ისევ ათქვეფეთ.

5. კვერცხის ცილები ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნახევარი შოკოლადის ცომს დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მეორე ნაწილი თეთრ ცომს დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

6. 4 საკონდიტრო ტომარა აიღეთ. ორი ტომარა შოკოლადის მასით გაავსეთ, დანარჩენი – თეთრი ცომით. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. შუაში მუყაო ან ცომის გამყოფი ჩადეთ.

7. ფორმის ერთ ნახევარში ღია ფერის ცომი ჩაასხით, ზემოდან შოკოლადის მასა დაასხით. მეორე ნახევარში თანმიმდევრობა შეცვალეთ. ჯერ შოკოლადის მასა ჩაასხით, შემდეგ – თეთრი ცომი.

8. ცომის გამყოფი ამოიღეთ. შოკოლადი დააქუცმაცეთ. ცომს ზემოდან დააწყვეთ, მთელ ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ.

9. დიდი ზომის საცხობი ფორმა აიღეთ და ცომიანი ფორმა მასზე დადეთ. დიდ ფორმაში მდუღარე წყალი ჩაასხით. სითხე ცომიან ფორმას 5 სმ–ით უნდა ფარავდეს.

10. კონსტრუქცია 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთი აცხვეთ. ფორმას ცეცხლგამძლე თავსახური დაახურეთ, რომ ბისკვიტი არ დაიწვას. კიდევ ნახევარი საათით გააჩერეთ.

ამ დესერტის მოსამზადებლად საკონდიტრო შოკოლადის გამოყენებას გირჩევთ. ასეთი შოკოლადის გამოყენება ძალიან მოსახერხებელია. ჩვეულებრივი შოკოლადის ფილაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, წინასწარ პატარა ნატეხებად დატეხეთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ინგრედიენტი გადნება და მისი მდიდარი გემოთი ისიამოვნებთ.