ნაზი დარიჩინის ფუნთუშები, რომელიც ქმარს დილიდან თვინიერს და კმაყოფილს ხდის

61

ალბათ, ყველა დიასახლისს ცომეულის თავისი საფირმო რეცეპტი აქვს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ერთ საინტერესო მეთოდს, როგორ გამოაცხოთ დარიჩინის ფუნთუშები ღუმელში. მთავარი საიდუმლო იმაშია, რომ ცომი საღამოს მზადდება, ხოლო ფუნთუშები დილით ცხვება. ასე ახალი ცომეულით საუზმობას შეძლებთ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 140 მლ თბილი რძე
  • 30 გ შაქარი
  • 4 გ მშრალი საფუარი
  • 200 გ ფქვილი
  • 1 ს/კ კარაქი
  • მწიკვი მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 30 გ კარაქი
  • 40 გ შაქარი
  • 0,5 ს/კ დარიჩინი

ჭიქურის ინგრედიენტები:

  • 60 გ ნაღების ყველი
  • 25 გ კარაქი
  • 70 გ შაქრის ფხვნილი
  • ვანილი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ცომი გააკეთეთ. გირჩევთ, რომ ცომი საღამოს გააკეთოთ და დილით გემრიელი ფუნთუშები მიირთვათ. თბილი რძე, საფუარი და შაქარი პატარა თასში აურიეთ.

2. ფქვილი, მარილი და გამდნარი კარაქი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ. ზუსტად 10 წუთით მოზილეთ, სანამ ელასტიური არ გახდება. ცომი სუფთა თასში გადაიტანეთ და 1 საათით გააჩერეთ.

3. თავად ფუნთუშების მომზადება დაიწყეთ. ცომი მართკუთხა ფორმად გააბრტყელეთ. ნიჩბით კარაქი თხელ ფენად წაუსვით. კარაქი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

4. დარიჩინი და შაქარი აურიეთ. ნარევი ცომს თანაბრად მოაყარეთ. ცომი რულეტივით დაახვიეთ და 8 თანაბარ ნაწილად დაჭერით.

5. ცხიმწასმულ ფორმაში ფუნთუშები ჩააწყვეთ. პირსახოცი დააფარეთ და 12-18 საათით მაცივარში გააჩერეთ. დილით მაცივრიდან ცხობამდე 1 საათით ადრე გამოიღეთ. ცხობის წინ გამდნარი კარაქი გადაუსვით და ღუმელში მოათავსეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთით აცხვეთ.

6. ამ დროში ჭიქური გააკეთეთ. ნაღების ყველი და კარაქი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ვანილი და ცოტა შაქრის ფხვნილი დაუმატეთ, თანდათან აურიეთ. ფუნთუშები ზუსტად 10 წუთით გააგრილეთ, შემდეგ ჭიქური წაუსვით. ახლა სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ.

დარიჩინის ფუნთუშები ჭიქურის გარეშეც კარგია, მაგრამ ის განსაკუთრებულ სინაზეს მატებს. გემრიელად მიირთვით.