მოხარშული კრემის 5 რეცეპტი „ნაპოლეონისთვის“

618

ტორტი „ნაპოლეონი“ იდუმალი წარმოშობის კულინარიული შედევრია. ერთი ვერსიის თანახმად, მრავალფენიანი დესერტის იდეა მე-17 საუკუნეში საფრანგეთში კონდიტერ კლავდია გელეს დაებადა. მალე რეცეპტმა პოპულარობა მოიპოვა და ნეაპოლელმა ჯაშუშებმა მოიპარეს. იტალიელმა მცხობელებმა ცომის ფენებზე მოხარშული კრემის წასმა ისწავლეს და მას ახალი სახელი Napolitano უწოდეს.

სხვა წყაროების თანახმად, ტორტი რუსეთში ნაპოლეონ ბონაპარტზე გამარჯვების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაჩნდა. ცნობილმა მზარეულებმა შექმნეს დესერტი, რომელიც ფენოვანი ცომის ბევრი თხელი სამკუთხა ფენისგან შედგებოდა. ფენები მოხარშული კრემით იყო გაჟღენთილი.

როგორც არ უნდა იყოს, დღეს ბევრს ვერ წარმოუდგენია სამზარეულო ამ გემრიელი ტორტის გარეშე. ყოველწლიურად მისი მომზადების ვარიანტები მრავლდება. კრემის სახეობები, ცომის მომზადების მეთოდები ყველა ოჯახში განსხვავებულია. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ტორტი „ნაპოლეონი“ ბევრისთვის საყვარელი კერძი გახდა.

როგორ მოვამზადოთ კრემი „ნაპოლეონისთვის“

კლასიკური კრემი საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. დაგჭირდებათ რძე, შაქარი, კვერცხი, კარაქი და ფქვილი.

ქვაბში შაქარი, რძე და კარაქი აურიეთ. ეს ნარევი ზომიერ ცეცხლზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე შეათბეთ, მუდმივად აურიეთ. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. კვერცხის გულს ფქვილი დაუმატეთ დ აურიეთ, შემდეგ რძის ნარევი თანდათან დაუმატეთ. მუდმივად აურიეთ, რომ გოროხები არ წარმოიშვას. კრემი გასქელებამდე ხარშეთ.

დეტალები, რომლებიც უნდა გახსოვდეთ:

  • რძის ნარევი კვერცხის ნარევს დაუმატეთ და არა პირიქით.
  • კრემი წყლის ორთქლზე მოამზადეთ.
  • ორმაგი ძირის მქონე ქვაბი გამოიყენეთ.
  • ერთგვაროვანი კონსისტენციის მისაღებად კრემი საწურში გაწურეთ.
  • კრემს ზეთოვანი ქაღალდი ან პარკი დააფარეთ, რომ ზედაპირზე ხმელი ფენა არ წარმოიქმნას.

მოხარშული კრემის რეცეპტები

შოკოლადით

3 ჭიქა ფქვილი დიდ თასში გაცერით, შემდეგ ნახევარი ჭიქა ცივი რძე დაასხით. 4 კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. კვერცხის გული, 2 ს/კ კაკაო და 1 ჭიქა შაქარი აურიეთ. 0,5 ლ რძე ადუღებამდე მიიყვანეთ და კვერცხს დაუმატეთ, შემდეგ რძე–ფქვილის მასა დაუმატეთ და 5 წუთით ხარშეთ. 30 გრადუსამდე გააგრილეთ. კვერცხის ცილა ათქვიფეთ და შოკოლადის მასას აურიეთ.

ლიმონით

2 ლიმონის ცედრა წვრილ სახეხზე გახეხეთ და 4 ციტრუსის წვენი გაწურეთ. 200 გრ შაქარი დაუმატეთ. 4 კვერცხი ათქვიფეთ და ცედრას და წვენს დაუმატეთ. 15 წუთით გვერდზე გადადეთ. მასა მარლით გაწურეთ და ქვაბში ჩაასხით, 50 გრ კარაქი დაუმატეთ და გასქელებამდე ხარშეთ, ხშირად აურიეთ.

ირისით

2 ჭიქა რძე, ვანილი და ნახევარი ჭიქა ფქვილი აურიეთ. 200 გრ რბილი ირისი დააქუცმაცეთ და რძის ნარევს დაუმატეთ. სუსტ ცეცხლზე დადგით და გახსნამდე შეათბეთ. 100 გრ კარაქი დაუმატეთ და რამდენიმე წუთით ადუღეთ.

ალუბლით

150 გრ ალუბლის პიურე და 75 გრ შაქარი აურიეთ. ნახევარი სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი და 2 კვერცხის გული დაუმატეთ. 1 წუთით ხარშეთ. გააგრილეთ, შემდეგ 100 გრ კარაქი ათქვიფეთ.

კვერცხის გარეშე

1 ჭიქა რძე, 200 გრ შაქარი და 4 ს/კ ფქვილი აურიეთ. კიდევ 1 ჭიქა რძე ადუღებამდე მიიყვანეთ და მიღებულ მასას დაასხით. მუდმივად აურიეთ, რომ გოროხები არ წარმოიშვას. ზომიერ ცეცხლზე გასქელებამდე ხარშეთ. ცოტა გააგრილეთ, შემდეგ 130 გრ კარაქი და ვანილი დაუმატეთ. კარგად ათქვიფეთ.

რომელია თქვენი საყვარელი კრემი „ნაპოლეონისთვის“? ჩემს ოჯახში დედ–მამას ყოველთვის შოკოლადის კრემი უყვარდათ. იყო დრო, როცა მას ყოველ კვირა აკეთებდნენ. გასაკვირი არაა, რომ ახლა ეს ტორტი ჩემთან ბავშვობასთან ასოცირდება.