მოვამზადოთ უგემრიელესი ხინკალი საკუთარი ხელით

3607

დღეს ყველასთვის საყვარელ კერძს მოვამზადებთ. ხინკლის ფარშისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ღორისა და საქონლის ხორცი, თუმცა, ტრადიციული ფშავური ხინკალი ცხვრის ხორცით მზადდება. ასევე ამზადებენ ხაჭოს, კარტოფილის, სოკოსა და ჭინჭრის ხინკალს.

ინგრედიენტები: 

  • 500 გ შერეული ხორცის ფარში
  • 600 გ ფქვილი
  • წყალი – საჭიროების მიხედვით
  • 1 კბილი ნიორი
  • 3 თავი ხახვი
  • შავი პილპილი, მარილი, ძირა და წითელი წიწაკა – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ფარშს ავურიოთ გატარებული ხახვი, ნიორი და სანელებლები, დავუმატოთ იმდენი ცხელი წყალი, რომ წვენი ოდნავ მოიყენოს.
  2. თასში ჩავყაროთ ფქვილი. თბილ წყალში გავხსნათ მარილი, დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ მკვრივი, ელასტიკური ცომი. ცომი  ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ტილო და 30 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ.
  3. დიდი ქვაბით ცეცხლზე შემოვდგათ წყალი, როცა ადუღდება, მარილი დავუმატოთ და ცეცხლს დავუწიოთ.
  4. ცომი 1,5 სმ სისქეზე გავაბრტყელოთ, 7 სმ დიამეტრის ჭიქით ამოვჭრათ და შემდეგ ძალიან თხლად გავაბრტყელოთ. ფენის შუაგული უფრო სქელი უნდა იყოს, ვიდრე კიდეები. ფენებს მოვაყაროთ ფქვილი.
  5. თითოეული ცომის ფენაზე მოვათავსოთ 1 ს.კ. ხორცის ფარში, მოვახვიოთ და თავი კარგად მოვუკრათ. მოხვეული ხინკლები ფქვილმოყრილ ლანგარზე დავაწყოთ.
  6. ცეცხლს მოვუმატოთ, ქვაბს ამოვურიოთ და ხინკლები  მდუღარე მარილიან წყალში ფრთხილად ჩავყაროთ.
  7. ხინკალი ვხარშოთ თავდახურული და ხანდახან ამოვურიოთ. როცა ადუღდება, თავსახური მოვხადოთ, ამოვურიოთ და კიდევ 1-2-ჯერ წამოვადუღოთ.
  8. მოხარშული ხინკალი ამოვიღოთ ქაფქირით, ასე ნაკლებად დაზიანდება.