მობრაწულა კარტოფილით და ქაშაყით, რომელიც არტერიულ წნევას ამცირებს

322

ჰიპერტონიკების ყოველდღიურ მენიუში წნევის შემამცირებელი პროდუქტები უნდა შედიოდეს. არტერიული წნევა ინფარქტის და ინსულტის რისკს ზრდის, ამიტომ კვებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

კარდიოლოგები გირჩევთ, რომ რისკის შესამცირებლად მიირთვათ პროდუქტები, რომლებიც სისხლძარღვების კედლებს აძლიერებენ და გულის მუშაობას აუმჯობესებენ. წნევის შემამცირებელი პროდუქტებიც უნდა მიირთვათ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი პროდუქტებია გულისთვის სასარგებლო. ასევე ჯანსაღ რეცეპტს გიზიარებთ.

პროდუქტები, რომლებიც არტერიულ წნევას ამცირებენ

კვლევები ადასტურებს, რომ დღეში 3 გრამი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა საკმარისია, რომ ჰიპერტონიკის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ომეგა 3 არტერიულ წნევას ამცირებს. მენიუში ჩართეთ ორაგული, სკუმბრია და ქაშაყი, რომლებიც ბევრ ომეგა 3–ს შეიცავენ. ამ მჟავას შეიცავს სხვა პროდუქტებიც, მაგალითად, მოივა, თინუსი, სარდინი, კალმახი, კალმარი, მიდია და სხვა ზღვის პროდუქტი. ომეგა 3-ით მდიდარია ნიგოზიც. თუ ალერგია არ გაქვთ, კერძებს დაუმატეთ.

კარტოფილის და ქაშაყის მობრაწულა

გიზიარებთ მობრაწულის რეცეპტს, რომლის მირთმევით ორგანიზმს ცხიმოვანი მჟავებით გაამდიდრებთ და გემრიელად დანაყრდებით. 150 გრამი ქაშაყი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის დღიურ ნორმას შეიცავს. გემრიელი საკვები მიირთვით და გულის მდგომარეობა გააუმჯობესეთ.

ინგრედიენტები:

  • 800 გ ნაკლებად მარილიანი ქაშაყის ფილე
  • 400 გ კარტოფილი
  • 250 გ ხახვი
  • 500 მლ რძე
  • 30 გ კარაქი
  • 30 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 ტოტი ბეგქონდარა
  • 3 მარცვალი შავი წიწაკა
  • მწიკვი მუსკატის კაკალი
  • 2 მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. სოუსი ბეშამელი მოამზადეთ. რძე სქელძირიან ქვაბში ჩაასხით, 50 გ ხახვი დაუმატეთ. სანელებლები და პრესში გატარებული ნიორი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, პერიოდულად ურიეთ, 2 წუთში ქურიდან გადმოდგით, ხახვი, წიწაკის მარცვლები და ბეგქონდარას ტოტები ამოიღეთ.
  2. კარაქი საშუალო ცეცხლზე გაადნეთ, მასში ხორბლის ფქვილი მსუბუქ შეწითლებამდე შეწვით. ცეცხლს დაუწიეთ, რძე დაასხით და 2-3 წუთით გასქელებამდე ხარშეთ.
  3. გათლილი კარტოფილი რგოლებად დაჭერით. საცხობ ფორმაში ერთ ფენად ჩააწყვეთ. დარჩენილი ხახვი დაჭერით და კარტოფილს მოაყარეთ. სოუსის ნაწილი მოასხით.
  4. ქაშაყის ფილე რულეტივით დაახვიეთ და ზემოდან დააწყვეთ. სოუსი მოასხით. თევზი ბოლომდე უნდა დაიფაროს. ღუმელი წინასწარ 180 გრადუსამდე გააცხელეთ. 30-35 წუთით აცხვეთ.

ასეთი გემრიელი და ეფექტური კერძით წნევას შეამცირებთ, გულის ჯანმრთელობაზე იზრუნებთ. ცხიმოვანი მჟავის შემცველი პროდუქტები მენიუში ჩართეთ და მალე მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობთ. თუ თევზი არ გიყვართ, ომეგა 3-ის საკვები დანამატი მიიღეთ.