მარწყვის ტორტის მარტივი რეცეპტი

1814

როდესაც მარწყვის სეზონი თავის მწვერვალშია, ყოველთვის ვცდილობ, მისგან რაღაც ახალი, გემრიელი და არომატული მოვამზადო. რამდენიმე დღის წინ, დედაჩემის რეცეპტების წიგნს წავაწყდი, სადაც ჩემი ყურადღება მიიპყრო მარწყვის ტორტმა.

გადავწყვიტე ამ რეცეპტით გამომეცხო ტორტი და იგი იმდენად გემრიელი აღმოჩნდა, ოჯახის წევრები ყოველდღე მთხოვენ მის გამოცხობას. მის გამოსაცხობად მაქსიმუმ 1 საათია საჭირო, ამიტომ, მეც ხშირად ვანებივრებ ჩემს ახლობლებს ამ უგემრიელესი და უმარტივესი დესერტით.

არაჟნის ტორტი მარწყვით 

დღეს გასწავლით, როგორ მოამზადოთ ეს მარტივი, ნათელი, ფაფუკი და გემრიელი ტორტი.

ინგრედიენტები ფენისთვის

  • 80 გრ შაქარი
  • 4 ც კვერცხი
  • 2 ს.კ. წყალი
  • 80 გრ ფქვილი
  • 80 გრ სახამებელი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 7 გრ ვანილი
  • მწიკვით მარილი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 100-150 გრ მარწყვი
  • 100 გრ არაჟანი
  • 3 ს.კ. შაქარი

მომზადების წესი 

1. სხვადასხვა ჯამში მოათავსეთ კვერცხის გული და ცილა. ღრმა თასში მიქსერით ათქვიფეთ 4 კვერცხის ცილა 2 ს.კ. წყალთან ერთად.

2. დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ, სანამ კვერცხის ცილა თეთრი ფერის არ გახდება.

3. სათითაოდ დაუმატეთ 4 ც კვერცხის გული, გააგრძელეთ თქვეფა, დაუმატეთ მარილი და ვანილი და კვლავ ათქვიფეთ 2 წუთით.

4. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, სახამებელი და სოდა, კარგად აურიეთ მშრალი ნაზავი.

5. ნაზავი გაცერით და დაუმატეთ ათქვეფილ კვერცხს. მიქსერით ათქვიფეთ ინგრედიენტები. ცომი არაჟნის მსგავსი კონსისტენციის უნდა იყოს.

6. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, შემდეგ ჩაასხით მასში ცომი და მოათავსეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.

7. კრემის მოსამზადებლად თასში ჩაასხით არაჟანი, დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით. შემდეგ დაუმატეთ კარგად გარეცხილი მარწყვი და დააბლენდერეთ. კრემი უნდა იყოს ჰაეროვანი, ღია ვარდისფერი ფერის.

8. თუ ფენა კარგად აფუვდა, შეგიძლიათ იგი გაჭრათ ორ ნაწილად. გამომცხვარ და გაცივებულ ფენას წაუსვით მომზადებული კრემი ზემოდან და ირგვლივ, შემდეგ კი გააფორმეთ მარწყვით.

9. მზა ტორტი შეინახეთ მაცივარში დილამდე.

სულ ესაა, საზაფხულო მარწყვის ტორტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!