კულიჩის, იგივე პასკის მარტივი რეცეპტი დამწყებთათვის: როგორ გამოვაცხოთ საფუარის გარეშე

536

თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, ამიტომ მსუბუქ რეცეპტებს უპირატესობას ვანიჭებ. როგორც ხვდებით, საფუარის ცომი ჩემი ისტორია არაა. სააღდგომოდ პასკას წლები მეზობელ სუპერმარკეტში ვყიდულობდი და ყველა ბედნიერი იყო. რამდენიმე წლის წინ მეგობარმა მიამბო, როგორ შეიძლება სააღდგომო დესერტის გამოცხობა გამაფხვიერებლით. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ კულიჩის მარტივ რეცეპტს. იდეალური ვარიანტია, თუ საფუარის ცომთან თამაში არ გიყვართ.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ხორბლის ფქვილი
  • 250 გ შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 300 გ კარაქი
  • 200 მლ რძე
  • 150 გ ქიშმიში
  • 7 გ გამაფხვიერებელი
  • 2 ჩ/კ ვანილი

მომზადების წესი:

1. ცომი უკეთ ამოვა, თუ ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის იქნება, ამიტომ პროდუქტები მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ. კულიჩის მომზადება მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ დაიწყეთ. რბილი კარაქი ღრმა თასში გადაიტანეთ. 250 გ შაქარი და ვანილი დაუმატეთ და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. აფუებული თეთრი მასა უნდა მიიღოთ.

2. 4 კვერცხი ცალკე თასში ჩატეხეთ. თანდათან კარაქის და შაქრის ნარევს დაუმატეთ ისე, რომ ათქვეფა არ შეწყვიტოთ.

3. ახლა მიღებულ მასას 1 ლიმონის ცედრა და თბილი რძე დაუმატეთ. სილიკონის ნიჩბით ან სუფრის კოვზით აურიეთ.

4. ხორბლის ფქვილი, გამაფხვიერებელი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი აურიეთ. საცერში გაცერით და რძე–კარაქის მასას დაუმატეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ.

5. ქიშმიშს მდუღარე წყალი დაასხით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ, შემდეგ ქაღალდზე გაამშრალეთ. ცომს დაუმატეთ, კვლავ აურიეთ, რომ ქიშმიში თანაბრად განაწილდეს. ახლა ცომი ფორმებში ჩაასხით.

6. კულიჩები 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათით აცხვეთ. ზოგჯერ მეტი დრო სჭირდება. თითოეული კულიჩი მოცულობაში უნდა გაიზარდოს და შეწითლდეს.

მზა სააღდგომო პასკა თქვენი გემოვნებით გააფორმეთ. კლასიკა: კვერცხის ჭიქური და ფერადი მოსაყრელი. გემრიელად მიირთვით!