„კიევური ტორტის“ ლეგენდარული რეცეპტი დარდის გასაქარვებლად

1586

„ჩემი საყვარელი კიევი მენატრება, ძალა არ მაქვს. ტორტს მაინც გამოვაცხობ, რომ გემომ სახლი გამახსენოს. შინაურული „კიევური“ ტორტი ყველაზე მძიმე და სევდიან განწყობასაც გააუმჯობესებს“ – გამიზიარა მეგობარმა თავისი განცდები და გეგმა.

ტორტის რეცეპტი ჩავიწერე. ხვალ ოჯახის წევრებს ამ ტკბილეულით გავახარებ, რადგან ყოველდღე გარემოების მიუხედავად ხალისიანად უნდა ვიცხოვროთ და სილამაზე დავინახოთ (ვეცდებით მაინც).

შინაურული „კიევური“ ტორტი

Gastronomia.ge–ს რედაქცია ლეგენდარული შინაურული „კიევური“ ტორტის რეცეპტს გიზიარებთ. კრემიც კი საოცარი აქვს!

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 7 კვერცხის ცილა (200 გ)
  • 50 გ ფქვილი
  • 150 გ კაკალი (ქეშიუ და თხილი)
  • 250 გ შაქარი

კრემის ინგრედიენტები:

  • 7 კვერცხის გული
  • 150 მლ წყალი
  • 20 გ კაკაო
  • 120 გ შაქარი
  • 10 გ ვანილის შაქარი
  • 100 გ შოკოლადი
  • 400 გრ კარაქი (83%)

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, კაკალი მოამზადეთ. გამოაშრეთ და საშუალო ნაჭრებად დააბლენდერეთ. ძალიან არ დააქუცმაცოთ. თხილის და ქეშიუს ნაცვლად შეგიძლიათ მიწისთხილი გამოიყენოთ. დაქუცმაცებული კაკალი ფქვილს აურიეთ.

2. კვერცხი ცილებად და გულებად დაყავით. კვერცხის ცილები კარგად ათქვიფეთ, შემდეგ შაქარი დაუმატეთ და სქელი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. დაახლოებით 12 წუთი სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ შაქარი ცილაში ბოლომდე გაიხსნას. ცილებს კაკალი–ფქვილის მასა დაუმატეთ და სილიკონის ნიჩბით კარგად აურიეთ ისე, რომ ცილა არ დავარდეს.

3. ცილის მასა 3 თანაბარ ნაწილად გაყავით. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, შემდეგ საკონდიტრო რგოლით და სილიკონის ნიჩბით ცომის ფენა გადაიტანეთ. ფენის სისქე დაახლოებით 2 სმ უნდა იყოს. რგოლი მოხსენით და მე-2 ფენის მომზადებაზე გადადით. ამ პრინციპით სამივე ფენა გააკეთეთ. სამივე ფენა 100 გრადუსზე 3-3,5 საათით ერთდროულად აცხვეთ.

4. იმავე საკონდიტრო რგოლით და დანა–ხერხით მზა ფენების ზომა შეასწორეთ. ჩამოჭრილი ნაწილები არ გადაყაროთ, რადგან ტორტის გასაფორმებლად გამოგადგებათ.

5. შოკოლადის კრემი „შალოტი“ მოამზადეთ. გემოთი შოკოლადის ნაყინს ჰგავს. კრემის მოსამზადებლად ღრმა ტაფაში კვერცხის გულები ჩაასხით, შაქარი, ვანილი და წყალი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. კაკაო გაცერით, ნარევს დაუმატეთ და აურიეთ ისე, რომ გოროხები არ დარჩეს.

6. კრემი ცეცხლზე დადეთ. შოკოლადის ნატეხი დაუმატეთ. კრემი სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, მუდმივად აურიეთ. როცა ადუღდება და გასქელებას დაიწყებს, გაზქურა გამორთეთ. კრემს პარკი დააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე გასაგრილებლად გააჩერეთ.

7. ღრმა თასში ოთახის ტემპერატურის კარაქი მოათავსეთ. კარაქი ათქვიფეთ და თანდათან შოკოლადის კრემი დაუმატეთ. მნიშვნელოვანია, რომ კარაქი და კრემი ერთი და იმავე ტემპერატურის იყოს. საბოლოოდ, სქელი და ფუმფულა კრემი გამოვა. მზა კრემი 2 ნაწილად გაყავით. თითოეული საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ.

8. ახლა ტორტის აწყობაზე გადადით. ბაზაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, შემდეგ პირველი ფენა ბისკვიტი. საკონდიტრო ტომრიდან კრემი წაუსვით. ბევრი კრემი დაგჭირდებათ, რადგან ბისკვიტი მშრალი და უწონოა. ასე ყველა ფენაზე გააგრძელეთ. ტორტს გვერდებზე და ზემოთ კრემი წაუსვით. ზემოდან ნაფშვენი მოაყარეთ, რომელიც ბისკვიტიდან დაგრჩათ. ტორტი დაქუცმაცებული კაკლით და შოკოლადის თხელი ფენებით შეგიძლიათ გააფორმოთ.

9. ტორტი მაცივარში 6-8 საათით გააჩერეთ, შემდეგ მაგიდაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

როგორც ხედავთ, ასეთი ტორტის მომზადება რთული არაა. შინაურულ „კიევურ“ ტორტს ბავშვობის გემო აქვს. მსურს, რომ ყველა ოჯახს საშუალება ჰქონდეს საკუთარ სახლში ნატურალური და ხელმისაწვდომი პროდუქტებით დესერტი მოამზადოს.