კარაქზე მომზადებული კლასიკური შვრიის ორცხობილა. უმარტივესი რეცეპტი

152

კლასიკური შვრიის ორცხობილა იდეალური ტკბილეულია, რომელიც ცივ და სევდიან საღამოს გაგილამაზებთ. რაც მთავარია, მარტივად მზადდება. არომატული კაკაო და თბილი ორცხობილა იდეალურ ტანდემს ქმნის. აი, ცივი ორცხობილა შეგიძლიათ კაკაოში დაალბოთ. რამდენიმე წუთით ბავშვობაში დაბრუნებას შეძლებთ.

შვრიის ორცხობილა ბევრისთვის საყვარელი დესერტია, ამიტომ დიასახლისების კულინარიულ წიგნში ამ ცომეულის რამდენიმე რეცეპტი შეიძლება იპოვოთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ შვრიის ორცხობილის მარტივ დესერტს, რომლის შედეგი ყველას მოეწონება.

კლასიკური შვრიის ორცხობილა

შვრია ყველას არ უყვარს, მაგრამ რაციონში მისი ჩართვა საჭიროა. სწორედ ამიტომ, შვრიის ორცხობილა იდეალური ვარიანტია, რომ მთელი მარცვლეულის ფანტელები მენიუში მარტივად ჩართოთ.

ინგრედიენტები:

  • 150 გ შვრიის ფანტელები
  • 180-200 გ ხორბლის ფქვილი
  • 200 გ შაქარი
  • 100 გ რბილი კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 35 მლ თბილი რძე
  • 1,5 ს/კ სქელი ვაშლის პოვიდლო
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • მწიკვი მარილი
  • კაკალი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, შვრიის ფანტელები ბლენდერით დააქუცმაცეთ. ფქვილის მიღებამდე დაბლენდერება აუცილებელი არაა. ნარევში მსხვილი და წვრილი ნაწილაკები შეიძლება იყოს.

2. მშრალი ინგრედიენტები აურიეთ. ცალკე თასში კვერცხი, რბილი კარაქი, თბილი რძე და ვაშლის პოვიდლო აურიეთ. პოვიდლოს ნაცვლად ვაშლის პიურე შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალოდ წვრილად გახეხეთ და მასას დაუმატეთ.

3. ორივე ნარევი აურიეთ და მოზილეთ. რბილი და ელასტიური ცომი გამოვა. თუ სურვილი გაქვთ, ამ ეტაპზე დაქუცმაცებული კაკალი დაუმატეთ. თუ დრო გაქვთ, 15-30 წუთით მაცივარში შეინახეთ.

4. ცომიდან 35-40 გრამის ბურთები გააკეთეთ. ხელისგულით მსუბუქად დააწექით. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ორცხობილები დააწყვეთ. ორცხობილებს შორის დისტანცია დაიცავით.

5. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-18 წუთით აცხვეთ.

რჩევები: ორცხობილები არ გამოაშროთ. შეიძლება გაიფიქროთ, რომ ორცხობილა რბილი და ჯერ მომზადებული არაა, მაგრამ დროზე დიდხანს არ გააჩეროთ. მასში კარაქი შედის, რომლის წყალობით გაცივებისას გამაგრდება. ეს ფხვიერი ორცხობილის თავისებურებაა.

ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ. თუ სურვილი გაქვთ, დაუმატეთ კაკალი, ქიშმიში, ცეცხლგამძლე შოკოლადის წვეთები (ჩვეულებრივი შოკოლადიც შეიძლება) ან ჩირი. გარგარის ჩირის, შავქლიავის ან სხვა ჩირის გამოყენების შემთხვევაში, წვრილად დაჭერით, რომ ცხობისას არ დაიწვას.