იოგურტის ნამცხვარი წითელ მოცხართან ერთად – ნამდვილი სიამოვნება მიიღეთ

716

წითელი მოცხარი შესანიშნავია, მაგრამ ესიც შეიძლება მოგბეზრდეთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრის გამოყენება მოგიწიათ. „გასტრონომია“ გთავაზობთ გემრიელ იოგურტის ნამცხვარს მოცხართან ერთად.

ინგრედიენტები:

  • 250 გრ წითელი მოცხარი, სურვილის მიხედვით შავ მოცხარს აურიეთ
  • 120 გრ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • მარილი
  • 200 მლ სქელი ნატურალური იოგურტი
  • 120 გრ ყავისფერი შაქარი
  • 350 გრ ფქვილი
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 70-80 გრ დაფქული ნუში

მოსაყრელად:

  • 100 გრ კარაქი
  • 120 გრ ფქვილი
  • 80 გრ ყავისფერი შაქარი

მომზადება:

  1. კენკრას ყუნწები მოაშორეთ და გაასუფთავეთ.
  2. მოსაყრელად ცივი კარაქი წვრილ კუბებად დაჭერით და გაგრილებულ თასში მოათავსეთ. თითებით კარაქი გაცრილ ფქვილს და შაქარს აურიეთ. მასა მსხვილად დაქუცმაცებული ორცხობილას უნდა ჰგავდეს. ნარევი მაცივარში შეინახეთ.
  3. ცომისთვის კარაქი გაადნეთ და გააგრილეთ. კვერცხი მწიკვ მარილთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. კარაქი, იოგურტი და შაქარი დაუმატეთ. კვლავ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად დაუმატეთ. ინგრედიენტები ჩანგლით სწრაფად აურიეთ.
  4. ცომი პერგამენტ დაფარებულ ცეცხლგამძლე ფორმაში (20 სმ დიამეტრი) მოათავსეთ. მასზე ნუში, შემდეგ კენკრა, ზემოდან მოსაყრელი მოაყარეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით აცხვეთ.

სუფრაზე თბილი სახით გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!