იდეალის მომზადების ქართული კლასიკური რეცეპტი. ასეთი გემრიელი ჯერ არასდროს გამომსვლია

10294

თუ თქვენ ცხობა გიყვართ და გეხერხებათ, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ცნობილი ნამცხვრის, იდეალის მომზადების გამოცდილებაც გექნებათ.

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ იდეალის კლასიკურ ქართულ რეცეპტს. ასე მომზადებული დესერტი ძალიან გემრიელი და არომატული გამოდის, რაშიც მოგვიანებით თავად დარწმუნდებით.

სანამ უშუალოდ რეცეპტს შემოგთავაზებთ, მინდა ავღნიშნო, რომ იდეალი – ეს არის ერთ-ერთი ქართული კლასიკური ნამცხვარი, რომელსაც პირადად მე “გემო ბავშვობიდან” შევარქვი.

იდეალის კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები ერთი ბისკვიტისთვის:

  • 6 ცალი კვერცხი (ოთახის ტემპერატურის)
  • 300 გრამი ფქვილი
  • 200 გრამი შაქარი
  • 100 გრამი გატარებული ნიგოზი
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა
  • 1 ჩ.კ. ძმარი

ინგრედიენტები კრემისთვის: 

  • 300 გრამი ოთახის ტემპერატურის კარაქი
  • 2 ქილა შესქელებული რძე (მოხარშული)

მომზადება:

1. განაცალკევეთ ერთმანეთისგან ექვსივე კვერცხის გული და ცილა. ჭურჭელს, რომელსაც ცილისთვის გამოიყენებთ, არ უნდა ჰქონდეს წყლის წვეთები და უნდა იყოს იდეალურად სუფთა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცილა კარგად არ აითქვიფება.

2. მიქსერის გამოყენებით კარგად თქვიფეთ ცილა მკვრივი კონსისტენციის მიღებამდე. როდესაც თეთრი ქაფისებრი მასა წარმოიქმნება, ჩაამატეთ მასში მოცემული რაოდენობით შაქარი და განაგრძეთ თქვეფა კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. აქვე შეგიძლიათ ვანილის ექსტრაქტის დამატებაც.

3. როდესაც ცილაში შაქარი ბოლომდე გაიხსნება და მიიღებთ ერთგვაროვან კონსისტენციას, შეუდექით მასში კვერცხის გულების სათითაოდ დამატებას, აუცილებლად მუდმივი მორევის პირობებში.

4. კვერცხის უკანასკნელი გულის დამატების შემდეგ, მიღებულ მასაში უნდა ჩავამატოთ თაფლი.

5. ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპში ან დაფქვით ბლენდერის გამოყენებით. შეგიძლიათ დანით წვრილად დაქუცმაცებაც. დაფქულ ნიგოზში ჩაამატეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი, რათა გამოცხობის დროს ის დაბლა არ მოექცეს და შემდეგ დაამატეთ ის კვერცხის გამზადებულ მასაში, ნელ-ნელა, ეტაპობრივად. აღარ გამოიყენოთ მიქსერი, კარგად გადაურიეთ მხოლოდ კოვზის გამოყენებით.

6. მოცემული რაოდენობით ძმარში ჩაამატეთ საჭმელი სოდა. ამ ორი ინგრედიენტის ნაზავი სწრაფადვე ჩაამატეთ კვერცხის მასაში და კვლავ გადაურიეთ.

7. ფქვილი კარგად გაცერით, რათა ის კიდევ უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი იყოს. გაცრილი ფქვილი დაამატეთ ჩვენს მასაში და ურიეთ ძალიან ფრთხილად რამდენიმე წუთის განმავლობაში.

8. საშუალო ზომის საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით მასში მზა ცომი. გაანაწილეთ ის თანაბრად საცხობი ფორმის ზედაპირზე. თუ პერგამენტის ქაღალდი არ გაქვთ, ფორმას შეაზილეთ მცენარეული ზეთი და მოაყარეთ მცირეოდენი ფქვილი.

9. წინასწარ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ ის გამოსაცხობად დაახ. 20 წუთით.

10. როდესაც მზა ბისკვიტი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, მოაშორეთ მას საცხობი ქაღალდი.

11. ზუსტად ანალოგიური გზით უნდა მოამზადოთ მეორე ბისკვიტი ჩვენი ნამცხვრისთვის. რეცეპტში წარმოდგენილი ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია მხოლოდ 1 ბისკვიტზე.

12. გაციებულ ბისკვიტებს ზემოდან ფრთხილად ააჭერით ქერქი დანით, რათა მან კრემი კიდევ უფრო კარგად შეიწოვოს.

13. აუცილებლად გაათანაბრეთ ზომაში ორივე ბისკვიტი. ზედმეტი გვერდები, რომლებსაც მოაჭრით, დესერტზე ზემოდან მოსაყრელად დაგვჭირდება. ჩამოჭრილი გვერდები სულ 10 წუთით მოათავსეთ გაცხელებულ ღუმელში ფერის შეცვლამდე.

14. ოთახის ტემპერატურის კარაქი კარგად ათქვიფეთ მიქსერის გამოყენებით და შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ მოხარშული შესქელებული რძე, აუცილებლად მუდმივი მორევის პირობებში.

15. დროა, შევუდგეთ ჩვენი ნამცხვრის აწყობას. ბისკვიტის პირველ ფენას ზემოდან კარგად წაუსვით მომზადებული კრემი თანაბრად. ზემოდან მოაყარეთ მცირეოდენი დაჭრილი, კარგად დაქუცმაცებული ნიგოზი (დაახ. 100 გრამი).

16. კარგად დაკრემეთ მეორე ბისკვიტიც იმ მხრიდან, საიდანაც მას ქერქი ააჭერით. მოათავსეთ ის ზემოდან პირველ ბისკვიტზე (დაკრემილი მხარე უნდა იყოს დაბლა).

17. კიდევ ერთხელ კარგად წაუსვით ჩვენს ბისკვიტს კრემი თანაბრად ზემოდან და გვერდებზე. მოათავსეთ ის მაცივარში.

18. მოჭრილი გვერდები, რომლებიც ნამცხვრის მოსართავად შემოვინახეთ და ღუმელში გავაცხელეთ, კარგად დაფქვით და მოაყარეთ ის ისე, რომ ნამცხვარზე ცარიელი ადგილები არ დარჩეს. მცირეოდენი ნიგოზი დაჭერით სასურველ ზომებად და მოათავსეთ ისინი ნამცხვრის ზედაპირზე. შედგით ნამცხვარი მაცივარში რამდენიმე საათით.

19. იდეალი ქართული კლასიკური რეცეპტით მზად არის. გემრიელად მიირთვით!