თაფლის ნამცხვარი სომხურად: საოცარი ტკბილეულობა ფენოვანი ცომისგან

1399

ტრადიციული სომხური სამზარეულო მდიდარია მარტივი, მაგრამ უგემრიელესი ტკბილეულობით. იუჰატერტი მათ რიცხვშია. თაფლით დანამული ნაზი ფენოვანი ცომის კვადრატები პირში დნება! თანაც მათ მომზადებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება.

ერთადერთი განსაკუთრებულობა გახლავთ ის, რომ ფენოვანი ცომი არა კლასიკური, არამედ ნახევრადმოხარშული გამოიყენება, ცხელი რძითა და სოდით იზილება.

“გასტრონომია” გთავაზობთ სომხური დესერტის საბაზისო რეცეპტს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გაბრტყელებისას მოაყაროთ დარიჩინი ან დაფქული თხილი.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფქვილი
  • 100 გრ კარაქი
  • 100 მლ რძე
  • 3 ც კვერცხი
  • 150 გრ თაფლი
  • 1 ჩ.კ. სოდა

მომზადება

1. დაადნეთ კარაქი. გაცერით ფქვილი, ჩააღრმავეთ და ჩაასხით ნახევარი კარაქი და ათქვეფილი კვერცხები. მოურიეთ.

2. აადუღეთ რძე, დაუმატეთ სოდა, დაასხით ცომს და ინტენსიურად მოზილეთ.

3. გააბრტყელეთ ცომი (1,5 სმ), წაუსვით დარჩენილი კარაქი, ოდნავ მოაყარეთ ფქვილი. შექმენით კონვერტის ფორმა, კვლავ გააბრტყელეთ, წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. გაიმეორეთ პროცედურა 6-ჯერ. ბოლოს გააბრტყელეთ 5 მმ სისქის ცომი.

4. მოათავსეთ ცომი საცხობ ფორმაზე და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. ცხელი ნაწარმი დაჭერით კვადრატებად და მოასხით ორთქლზე გამდნარი თაფლი.

საუცხოო სომხური დესერტი მზადაა, მიირთვით ჩაისთან ან ყავასთან. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!