დიდებული ტორტი „პანი ვალევსკა“ ერთი ფენით, რომელსაც წაგების შანსი არ აქვს

283

პანი ვალევსკამ, პოლონელმა არისტოკრატმა, გრაფიანიამ, ნაპოლეონის საყვარელმა, მხოლოდ 31 წელი იცოცხლა, მაგრამ მისი სახელი დღემდე ასოცირდება დახვეწილ არომატებთან, რომანტიკულ ისტორიებთან, იებთან, თავისუფლების სიმბოლოსთან. ასევე პოლონურ ტორტთან „პანი ვალევსკა“.

დიდებული ტორტი „პანი ვალევსკა“

ტორტი პლომბირის ნაზი კრემით, ბეზეთი და კენკრის შიგთავსით შეუდარებელია. მის მომზადებას სხვა მრავალფენიან დესერტზე ბევრად ნაკლები დრო და ძალისხმევა სჭირდება. მხოლოდ ერთ ფენას ვაცხობთ, რის ხარჯზეც დრო იზოგება. ბისკვიტის გამოცხობამდე კრემის მომზადებასაც მოასწრებთ.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 200 გ კარაქი
  • 4 კვერცხის გული
  • 100 გ შაქარი
  • 50 გ 20%–იანი არაჟანი
  • 360 გ ფქვილი
  • 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი

ბეზეს ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხის ცილა
  • 180 გ შაქარი
  • 1 პაკეტი ვანილი
  • 30 გ სიმინდის სახამებელი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 300 გ შავი მოცხარის მურაბა
  • 100 გ ნიგოზი

კრემის ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 130 გ შაქარი
  • 1 პაკეტი ვანილი
  • 40 გ სიმინდის სახამებელი
  • 0,5 ლ რძე
  • 200 გ კარაქი
  • 1 ს/კ კონიაკი

მომზადების წესი:

1. ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია სტანდარტულ საცხობ ფორმაზე 30×40 სმ. მოკლედ, ჯადოქრობა, შელოცვა დავიწყოთ. რბილი კარაქი, შაქარი, კვერცხის გულები, არაჟანი მიქსერით ან სამზარეულოს კომბაინით აურიეთ. როგორც კი, მასა ერთგვაროვანი გახდება, მორევა შეწყვიტეთ.

2. გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. რბილი, ელასტიური ცომი უნდა მიიღოთ, ხელზე არ უნდა გეკვროდეთ. ზედმეტი ფქვილის მოყრა რომ არ დაგჭირდეთ, ცომი ორ პერგამენტს შორის მოაქციეთ და საცხობი ფორმის ზომაზე გააბრტყელეთ. ზედა ქაღალდი მოაშორეთ, ქვედათი საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ასე ფორმაზე ცხიმის წასმა და ფქვილის მოყრა არ მოგიწევთ. ცომს დაბალი გვერდები გაუკეთეთ, ამისთვის კიდეებში თითებით ჩააჭირეთ. ასე მურაბა ცომის საზღვრებს არ გასცდება.

3. ცომს შავი მოცხარის მურაბა უხვად წაუსვით. სხვათა შორის, სხვა მჟავე მურაბაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ახლა ცომი მურაბით მაცივარში შეინახეთ.

ბეზე

4. ცილოვანი ქაფის მომზადებამდე რამდენიმე ნიუანსი გაითვალისწინეთ. პირველ რიგში, კვერცხის ცილების გულებისგან დაცალკევებისას ფრთხილად იყავით, გულის ერთი წვეთიც საქმეს გააფუჭებს. ასევე მშრალი თასი და მიქსერი გამოიყენეთ, წყლის წვეთებიც თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს. ათქვეფამდე კვერცხის ცილებს მწიკვი მარილი დაუმატეთ. ჯერ მხოლოდ კვერცხის ცილები კარგად ათქვიფეთ, შემდეგ შაქარი და ვანილი დაუმატეთ და მყარი პიკის მიღებამდე ათქვიფეთ. ბოლოს სიმინდის სახამებელი დაუმატეთ და სუსტ სიჩქარეზე ათქვიფეთ.

5. მურაბიანი ცომი მაცივრიდან გამოიღეთ, მთელი ცილოვანი მასა წაუსვით და თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან დაქუცმაცებული ნიგოზი მოაყარეთ.

6. 160 გრადუსზე 1-1,1 საათით აცხვეთ. ცილოვანი მასა გამოშრება და გამაგრდება. ბისკვიტი ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ და ორ თანაბარ ნაწილად დაყავით.

კრემი

7. კვერცხი, შაქარი და ვანილი სათქვეფით ათქვიფეთ. სიმინდის სახამებელი დაუმატეთ და აურიეთ ისე, რომ არ დაკურკუტდეს. რძე ჩაასხით, აურიეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით, მორევა არ შეწყვიტოთ. შესქელებული კრემი ქურიდან გადმოდგით, პარკი დააფარეთ და ოთახის ტემპერატურამდე შეგრილება აცადეთ.

8. რბილი კარაქი მიქსერით კარგად ათქვიფეთ, მასა უნდა გათეთრდეს. კარაქიც და მოხარშული კრემიც ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

9. ახლა თანდათან 1–2 სუფრის კოვზი მოხარშული მასა კარაქს დაუმატეთ და ნელა ათქვეფა გააგრძელეთ. სულ ბოლოს კონიაკი დაუმატეთ და აურიეთ. სქელი და ფაფუკი კრემი მზადაა.

10. ბისკვიტის ერთ ფენას მთელი კრემი წაუსვით და მეორე ფენა დააფარეთ ისე, რომ ნიგვზიანი ფენა ზევით აღმოჩნდეს. გვერდებზე გამოსული კრემი სპატულით გაასწორეთ. მაცივარში მინიმუმ 6 საათით მოათავსეთ. სუფრაზე გატანამდე პორციებად დაჭერით.

თქვენ ეს შეძელით!

ალბათ, ერთ დროს ფიქრობდით, რომ მაღაზიაში ნაყიდ ტორტზე უკეთესს სახლში ვერ გამოაცხობდით. ოჯახის წევრები თქვენს შრომას სათანადოდ დააფასებენ. აღფრთოვანებას ვერ დამალავენ.