გემრიელი და სწრაფი ღვეზელი ბრინჯით და კვერცხით

973

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ კეფირზე მომზადებულ ღვეზელის რეცეპტს. ცომი ძალიან რბილი და ხრაშუნა ქერქით გამოდის. ღვეზელი ბრინჯით და კვერცხით ძალიან სწრაფად და მარტივი პროდუქტებისგან მზადდება. შეგიძლიათ სამსახურში წაიღოთ, ბავშვებს სკოლაში გაატანოთ ან უბრალოდ საუზმეზე მიირთვათ! ნამდვილად გემრიელი და ნოყიერი გამოდის! მისი მომზადება აუცილებლად სცადეთ!

ცომის ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის კეფირი (1% ცხიმიანობა)
  • 2 ქათმის კვერცხი
  • 4 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • ½ ჩ/კ მარილი
  • ზეთი შესაწვავად

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • მოხარშული ბრინჯი
  • მოხარშული კვერცხი
  • მწვანე ხახვი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ფქვილი გაცერით, 2 ჭიქა ღრმა თასში ჩაყარეთ, თბილი კეფირი დაასხით და სოდა დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 15-20 წუთით გააჩერეთ.
  2. ამ დროში კვერცხი ჩატეხეთ, მარილი, შაქარი და ზეთი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. ცომს კვერცხის მასა და დანარჩენი ფქვილი დაუმატეთ. ცომი კარგად მოზილეთ. ის ელასტიური, რბილი უნდა გამოვიდეს, ხელზე და ჭურჭლის კედელს არ უნდა ეკვროდეს. პირსახოცი დააფარეთ და 15-20 წუთით გააჩერეთ.
  4. სამუშაო ზედაპირზე ფქვილი მოაყარეთ და ცომი გადაიტანეთ. პატარა ნაწილებად დაყავით.
  5. კვერები გააკეთეთ, ცენტრში ბრინჯის, კვერცხის და მწვანე ხახვის ნარევი მოათავსეთ.
  6. კუთხეები შეკარით და ღვეზელის ფორმა მიეცით.
  7. ტაფაზე ზეთი გააცხელეთ და მასში ღვეზელი შეკრული კუთხეებით ქვემოთ მოათავსეთ. ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.
  8. თეფშზე ქაღალდის პირსახოცი დააფინეთ და მზა ღვეზელი გადაიტანეთ. ასე ზედმეტ ზეთს მოიშორებთ.
  9. ღვეზელი როგორც ცხელი, ასევე ცივი გემრიელია!