აჭარული ხაჭაპურის გემრიელი რეცეპტი

3456

ეს ის ხაჭაპურია, რომელმაც პირველმა შეაღწია ამერიკულ რესტორნებში, მოკლე დროში ადგილი დაიმკვიდრა და ვაშინგტონ პოსტის, ნიუ იორკ ტაიმსის, ჰაფინგტონ პოსტის და სხვათა ყურადღების ცენტრში მოექცა – დიახ ეს აჭარული ხაჭაპურია!

ინგრედიენტები:

  • ფქვილი 500-600 გ
  • წყალი 1 ჩაის ჭიქა
  • საფუარი20 გ
  • შაქარი 20 გ
  • კვერცხი 7 ცალი
  • იმერული ყველი 400 გ
  • კარაქი 100-120 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, შუაში ჩავაღრმავოთ, ჩავასხათ შიგ საფუვრიანი, მარილით და შაქრით შეზავებული თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი. კარგად შევფუთოთ და დავდგათ თბილ ადგილას გასაღვივებლად დაახლოებით 3-4 საათი. შემდეგ დავყოთ გუნდებად დავაცადოთ კიდევ აფუება.

ცალკე მოვამზადოთ ხაჭაპურის ჩასართი: 

  1. ერთად ავურიოთ წინასწარ მარილგაცლილი და ხორცსაკეპში გატარებული, ან ხელით დაქუცმაცებული ყველი და კვერცხი.
  2. გამზადებული ცომის გუნდა ხელით გავაბრტყელოთ, მივცეთ მრგვალი ან ნავისებრი ფორმა, ამოღრმავებულ ნაწილში ჩავდოთ ჩასართი ისე, რომ ნაპირებამდე 3 სმ დარჩეს, ნაპირები შემოვუკეცოთ და შევდგათ აირღუმელში საშუალო ცეცხლზე გამოსაცხობად. 10-15 წუთის შემდეგ გამოვიღოთ, შუაში ჩავტეხოთ 1 ცალი კვერცხი და კვლავ შევდგათ ღუმელში.
  3. 5 წუთში ხაჭაპური მზადაა. გადმოვიღოთ თეფშზე, ჩავდოთ შუაში კარაქის პატარა ნაჭერი და მივიტანოთ სუფრაზე.