არანაირი გამოცხობა! შოკოლადის სუფლეს მარტივი რეცეპტი

527

საოცარია, მაგრამ არსებობს გამომცხვარი ტკბილეული, რომელსაც ღუმელის ჩართვაც არ სჭირდება. Gastronomia.ge-ს რედაქცია შოკოლადის სუფლეს მომზადებას გთავაზობთ. წარმოუდგენელი დესერტი 20 წუთში მზადაა. მოსამზადებლად მხოლოდ ქვაბი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 140 გრ შაქრის ფხვნილი
  • 80 მლ მცენარეული ზეთი
  • 120 მლ რძე
  • 180 გრ ფქვილი
  • 20 გრ კაკაო
  • 10 გრ გამაფხვიერებელი
  • 5 გრ ვანილის შაქარი
  • 2 ს/კ წყალი
  • 80 გრ შოკოლადი

მომზადების წესი:

1. ფინჯნებს ცოტა კარაქი წაუსვით. თითოეულ ფინჯანში 1 ჩ/კ შაქარი ჩაყარეთ. ფინჯანი ისე ატრიალეთ, რომ შაქარი კედლებზე თანაბრად გადანაწილდეს.

2. კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ ისე, რომ თეთრი მოცულობითი მასა მიიღოთ.

3. მიღებულ მასას მცენარეული ზეთი, რძე, გაცრილი ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და ვანილის შაქარი დაუმატეთ.

4. ინგრედიენტები მიქსერით ათქვიფეთ, რომ შოკოლადის ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

5. მიღებულ მასას 2 ს/კ წყალი დაუმატეთ.

6. ცომი ფინჯნებში გადაანაწილეთ. ჭიქების ¾ მოცულობა გაავსეთ.

7. თითოეულ ჭიქაში 2 კუბი შოკოლადი ჩადეთ და 2 ს/კ ცომით დაფარეთ.

8. ფინჯნის კედლებს შაქრის ნარჩენები მოაშორეთ. ჭიქები ღრმა ქვაბში ჩადეთ და ცხელი წყალი დაასხით ისე, რომ ჭიქის შუა ნაწილს წვდებოდეს. ქვაბს თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ. 10-11 წუთში დესერტი მზად იქნება.

9. მზა დესერტს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და სუფრაზე ცხელი გაიტანეთ.

10. ამ რეცეპტით მომზადებულ სუფლეს შუაში გამდნარი შოკოლადი აქვს. რეცეპტი ნამდვილი შველაა მათთვის, ვისაც სტუმრებისთვის რაიმეს სწრაფად გაკეთება სჭირდება.