თუ ხშირად სტუმრობთ დანკინ დონატს დონატების ხათრით, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს… დღეს გასტრონიმიას რედაქცია სწორედ იმ ცნობილი დონატების რეცეპტს გთავაზობთ. მოამზადეთ ჯანსაღი და უფრო გემრიელი დონატები თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.
ინგრედიენტები:
- 50 გ მარგარინი ან კარაქი
- 130 მლ ცხიმიანი რძე
- 130 მლ წყალი
- 1 მსხვილი კვერცხი
- 75 გ შაქარი
- 2.5 ჭიქა ფქვილი (250 მლ -იანი ჭიქა)
- 1 ჩ.კ. (სავსე) მშრალი საფუარი
- გამდნარი შოკოლადი ან შაქრის პუდრი მოსართავად
მომზადების წესი:
- რძე და წყალი გავათბოთ, შემდეგ ჩავაგდოთ კარაქის ნაჭერი და ჩავადნოთ.
- დავუმატოთ კვერცხი, შაქარი და კარგად გავხსნათ. ბოლოს საფუარი დავუმატოთ. დავდგათ ეს თბილი მასა 20-30 წუთით და აფუება ვაცალოთ.
- თავდაპირველად დავაცრათ ორი ჭიქა ფქვილი. დარჩენილი ნახევარი ჭიქა ნელ-ნელა ვუმატოთ. შესაძლოა ცოტა მეტი ან ნაკლებიც დაგვჭირდეს.
- მთავარია ცომის კონსისტენცია: ის უნდა იყოს რბილი, ნაზი. ხელებზე ცოტა მოგვეწებება, მაგრამ ფქვილს ნუ დავუმატებთ, უბრალოდ კარგად ვზილოთ. დავდგათ გასაფუებლად, სანამ არ გაორმაგდება.
- აფუებული ცომი გადმოვიღოთ ფქვილიან დაფაზე. გავაბრტყელოთ დაახლოებით 1-1,5 სმ-ზე და გამოვჭრათ რგოლები, თუ სპეცლიალური საჭრელები არ გვაქვს, სხვადასხვა ზომის ჭიქები გამოვიყენოთ.
- გამოჭრილი ფორმები გავაცალკევოთ და დავტოვოთ დაფაზევე 20 წუთი, რათა ხელახლა ამოფუვდეს.
- ტაფაზე დავასხათ ზეთი (სასურველია დონატებს შუამდე მაინც სწვდებოდეს ცხობისას), როცა გაცხელდება, ფრთხილად ჩავალაგოთ ცომი და საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე დავბრაწოთ ორივე მხრიდან.
- თავზე სასურველია, გამდნარი შოკოლადი მოვასხათ ან შაქრის პუდრი მოვაყაროთ. (გავითვალისწინოთ, რომ მინანქრის ან პუდრის გარეშე დონატები საკმარისად ტკბილი არ არის.)