აი, როგორ მოვამზადოთ გემრიელი შვრიის და იოგურტის ორცხობილა უშაქროდ

2075

ორცხობილა ნამდვილად კლასიკაა. ის სადილის შემდეგ ყავაზე მისაყოლებლად ან ტკბილი საუზმისთვის იდეალური ვარიანტია.

რეცეპტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, რაიმე სახის დამატკბობელს არ შეიცავს. სწორედ ამიტომ, ორცხობილა ჩვენი რეცეპტებით ალბათ ძლიერ განსხვავდება იმისგან, რასაც ხშირად მიირთმევთ.

2 რეცეპტს გთავაზობთ: ერთი რეცეპტი დამატკბობელს არ შეიცავს, მეორეს შემადგენლობაში კი თაფლი შედის.

რეცეპტი 1: შვრიის და იოგურტის ორცხობილა უშაქროდ

ინგრედიენტები:

  • 200 გრ შვრია
  • 4 კვერცხი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 45 გრ უბრალო (სქელი) იოგურტი
  • 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ ვანილის ესენცია
  • დარიჩინის ფხვნილი

მომზადება:

  1. ღუმელი წინასწარ 180 გრადუსამდე გაახურეთ.
  2. კვერცხი ვანილთან ერთად თასში აურიეთ და მიქსერით ათქვიფეთ. შემდეგ თანდათანობით იოგურტი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. ამ ეტაპზე იოგურტის კარგად ათქვეფა ძალიან მნიშვნელოვანია.
  3. შემდეგ ზეთი და მარილი დაუმატეთ და ნარევის ათქვეფა გააგრძელეთ. ამის შემდეგ შვრია და დარიჩინი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. თქვენ თხევადი მასა უნდა მიიღოთ, რომლის ფორმირებასაც შეძლებთ.
  4. საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით. ცომი აიღეთ და ორცხობილას ფორმები გააკეთეთ. მასა ცოტა თხევადია, ამიტომ კოვზი გამოიყენეთ და შემდეგ ხელით ან კოვზით ფორმები გააკეთეთ.
  5. ორცხობილას ფორმები საცხობ ფორმაზე დააწყვეთ და 15-20 წუთით აცხვეთ, სანამ არ შეწითლდება.
  6. ღუმელიდან გამოღების შემდეგ ორცხობილას გაგრილებას დაელოდეთ და შეგიძლიათ მისით პირი ჩაიტკბარუნოთ!

რეცეპტი 2: შვრიის და იოგურტის ორცხობილა თაფლით

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა უბრალო იოგურტი
  • 1 ჭიქა შვრიის ფანტელები
  • 3 ს/კ კარაქი ან შვრიის მარგარინი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 5 ს/კ თაფლი

მომზადება:

  1. ღუმელი წინასწარ 200 გრადუსამდე გაახურეთ.
  2. თასში ოთახის ტემპერატურის კარაქი და თაფლი მოათავსეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად ათქვიფეთ. თაფლი შეგიძლიათ ჩირით ჩაანაცვლოთ.
  3. შემდეგ შვრია, გამაფხვიერებელი დაუმატეთ და მორევა გააგრძელეთ. თუ გსურთ, შეგიძლიათ დარიჩინი დაუმატოთ, რომ ორცხობილას არომატი შემატოთ.
  4. ამის შემდეგ იოგურტი და კვერცხი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან ცომს არ მიიღებთ.
  5. საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით და ორცხობილას ფორმირება დაიწყეთ. ერთმანეთისგან ცოტა მოშორებით დააწყვეთ, რომ ერთმანეთს არ მიეკრას.
  6. ორცხობილების ფორმირების შემდეგ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთით აცხვეთ.
  7. შემდეგ გაგრილება აცადეთ და ისიამოვნეთ!

ზოგიერთი დამატებით ინფორმაცია

ორცხობილას ნებისმიერი ამ რეცეპტით შეგიძლიათ ჩიას თესლი ან ნებისმიერი სხვა თესლი დაუმატოთ. გარდა ამისა, მეორე რეცეპტში შეგიძლიათ დაქუცმაცებული ნიგოზი ან ქიშმიში გამოიყენოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ღუმელში ეს ორცხობილა ოდნავ ამოვა. ასე რომ, რაც უფრო თხელი ფორმის ორცხობილას გააკეთებთ, მით უფრო ხრაშუნა გამოვა.

ჩვენ უბრალო, დანამატების გარეშე იოგურტის გამოყენებას გირჩევთ, თუმცა თქვენი გემოვნების მიხედვით ნებისმიერი იოგურტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც შვრიის ფქვილს კარგად ერწყმის.