აი, ასე მზადდება ნამდვილი საშობაო (გურული) ღვეზელი

2486

გურულ ღვეზელს ტრადიციულად საშობაოდ ამზადებდნენ. შობის მარხვის დასრულების შემდეგ გურული ღვეზელი პირველი კერძი იყო. რომელსაც სადღესასწაულო სუფრაზე მიირთმევდნენ. წინა ღამით ხის გობში ზელდნენ საფუვრიან ცომს. გულსართისთვის იყენებდნენ ნაკლებად  მარილიან ყველს და მოხარშულ კვერცხს. ღვეზელისთვის კვერცხს ორი დღით ადრე ბოლავდნენ შუაცეცხლზე, რაც მას განსაკუთრებულ გემოს აძლევდა. ტრადიციულად გურული ღვეზელი ნახევარმთვარის ფორმისაა და კეცზე ცხვება.

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

  • ფქვილი – 200 გ
  • წყალი ან რძე – 100 მლ
  • საფუარი – 5 გ
  • მარილი – 5 გ
  • შაქარი – 2 გ
  • ზეთი – 20 მლ

გულსართისთვის:

  • იმერული ყველი – 200 გ
  • კვერცხი – 2 ცალი

ზემოდან გადასასმელად: 

  • კვერცხი – 1 ცალი
  • რძე ან არაჟანი -50 მლ

მომზადების წესი:

გახსენით საფუარი და შაქარი თბილ წყალში ან რძეში და 2-3 წუთს გააჩერეთ. ფქვილს ცოტა მარილი შეურიეთ. დაასხით საფუვრიანი წყალი და მოზილეთ ფაფუკი ცომი. მომზადებული ცომი ზეთში დასველებული ხელით გადაზილეთ, ჩადეთ ღრმა თასში და ზემოდან მშრალი ტილო გადააფარეთ. 30 წუთში ისევ გადაზილეთ და აცადეთ ცომს, რომ კარგად ამოფუვდეს. გულსართისთვის ყველი გახეხეთ ან ხელით დასრისეთ. მოხარშული კვერცხი რგოლებად დაჭერით.

ზემოდან გადასასმელად მოამზადეთ კვერცხის გულისა და რძის ნაზავი. აიღეთ 150 – 200 გრამიანი ცომის გუნდა, გააბრტყელეთ, ნახევარზე მოაყარეთ წინასწარ მომზადებული ყველი, ზემოდან დაალაგეთ რგოლებად დაჭრილი კვერცხი. გადმოკეცეთ ცომის მეორე ნახევარი და შეუკარით ნაპირები. ცომს ნახევარმთვარის ფორმა უნდა ჰქონდეს. დადეთ ღვეზელი საცხობ ფორმაზე, გადაუსვით რძეში გახსნილი კვერცხისა გული და აცხვეთ ღუმელში 230-250 გრადუსზე 7-8 წუთის განმავლობაში.