ხუთი სხვადასხვა რეცეპტი გემრიელი და სასარგებლო შინდის კომპოტის მოსამზადებლად

2728

შინდის სამკურნალო თვისება და ვიტამინებისა და მინერალების მაღალი შემცველობა ანტიკური დროიდანაა ცნობილი. წითელი ფერის ტკბილ-მჟავე კენკრაში ბევრი C ვიტამინი და ფიტონციდია, რომლებიც ებრძვიან ვირუსულ დაავადებას. შინდი ხელს უწყობს ტოქსინების მოცილებას, ამაღლებს ჰემოგლობინს და მოგიხსნით გულძმარვას. შინდისგან დამზადებული სასმელები ძალიან სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, ძალების აღსადგენად და მაღალი ტემპერატურის დასარეგულირებლად.

შინდი შეუცვლელია იმუნიტეტისთვის, ამიტომ, თუ ზამთრისთვის კომპოტების მომზადებას აპირებთ, აუცილებლად მოამზადეთ შინდის კომპოტი ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტებიდან. გამოიყენეთ მწიფე და მკვრივი კენკრა.

შინდის კომპოტი ზამთრისთვის

ინგრედიენტები

  • 300 გრ შინდი
  • 150 გრ შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. ლიმონმჟავა
  • 1,5-2 ლ წყალი

მომზადების წესი

1. გარეცხეთ შინდი და მოათავსეთ 1,5 ლ მოცულობის სუფთა ქილებში. აადუღეთ წყალი და დაასხით კენკრას, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 15 წუთით.

2. ქილებიდან წყალი ქვაბში გადაღვარეთ, დაუმატეთ შაქარი და კვლავ აადუღეთ. ქილებში შინდს დაუმატეთ ლიმონმჟავა და ადუღებული სიროფი, დაახურეთ თავსახური და მოხუფეთ ქილები.

3. ჩააბრუნეთ ქილები, შეფუთეთ ადეალაში ან ხელსახოცში და დაელოდეთ, რომ მთლიანად გაცივდეს.

4. 24 საათის შემდეგ კომპოტი მიიღებს ლამაზ გაჯერებულ ფერს, ამის შემდეგ შეგეძლებათ შეინახოთ კომპოტი ბნელ, გრილ ადგილას.

შინდისა და ლემას კომპოტი

ინგრედიენტები

  • 300 გრ ლემა
  • 300 გრ შინდი
  • 250 გრ შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. ლიმონმჟავა
  • 1,5-2,5 ლ წყალი

1. რბილი და დეფექტიანი კენკრა არ გამოიყენოთ. კარგად გარეცხეთ შინდი და ლემა და ჩაყარეთ სტერილურ ქილებში, დაუმატეთ ლიმონმჟავა და შაქარი.

2. აადუღეთ წყალი და ჩაასხით ქილებში 1/3 მოცულობით. დაახურეთ თავსახური და ხელსახოცი, გააჩერეთ თბილ ადგილას 15-20 წუთით.

3. დროის გასვლის შემდეგ ქილები გაავსეთ მდუღარე წყლით, მაშინვე მოხუფეთ ქილები და თბილ ადეალაში გაახვიეთ. დაელოდეთ, სანამ კომპოტი მთლიანად გაცივდება.

მსხლისა და შინდის კომპოტი

ინგრედიენტები

  • 200 გრ შინდი
  • 250 გრ მსხალი
  • 150 გრ შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. ლიმონმჟავა
  • 1,5-2 ლ წყალი

მომზადების წესი

1. მსხალი გარეცხეთ და გაჭერით 4 ნაწილად. სტერილურ ქილებში ჩაყარეთ მსხალი და შინდი.

2. აადუღეთ წყალი და ჩაასხით ქილებში, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 20 წუთით. შემდეგ წყალი ქვაბში გადაღვარეთ, დაუმატეთ შაქარი, კვლავ მოადუღეთ და ჩაასხით ქილებში. სანამ ხილს მდუღარე წყალს დაასხამდეთ, ქილებში ლიმონმჟავა ჩაყარეთ.

3. დაახურეთ ქილებს თავსახური და მოხუფეთ. ჩააბრუნეთ ჭურჭელი და პლედში ან ადეალაში გაახვიეთ, აცადეთ ბოლომდე გაცივება და შეინახეთ ბნელ, გრილ ოთახში.

მაყვლისა და შინდის კომპოტი

ინგრედიენტები

  • 300 გრ შინდი
  • 150 გრ მაყვალი
  • 170 გრ შაქარი
  • 0,3 ჩ.კ. ლიმონმჟავა
  • 1,5-2 ლ წყალი

მომზადების წესი

1. გარეცხეთ კენკრა გამდინარ წყალში და ჩაყარეთ თბილ სტერილურ ქილებში. დაუმატეთ შაქარი და ლიმონმჟავა.

2. აადუღეთ წყალი და ჩაასხით ქილებში. მაშინვე დაახურეთ ქილებს თავსახური და მოხუფეთ, შემდეგ ჩააბრუნეთ, თბილ ადეალაში გაახვიეთ და ასეთ მდგომარეობაში გააჩერეთ, სანამ კომპოტი გაგრილდება. მზა კომპოტი შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას.

ატმისა და შინდის კომპოტი

ინგრედიენტები

  • 200 გრ ატამი
  • 250 გრ შინდი
  • 150 გრ შაქარი
  • 0,3 ჩ.კ. ლიმონმჟავა
  • 1,5-2 ლ წყალი

მომზადების წესი

1. გარეცხეთ ატამი და გაჭერით 4 ნაწილად, ჩაალაგეთ ქილებში გარეცხილ შინდთან ერთად. ხილს ზემოდან მდუღარე წყალი დაასხით, დაახურეთ თავსახური და 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.

2. წყალი ქვაბში გადაღვარეთ, დაუმატეთ შაქარი და კვლავ აადუღეთ. პირდაპირ ქილებში ჩაყარეთ ლიმონმჟავა, ხილს კვლავ დაასხით მდუღარე სიროფი და მაშინვე მოხუფეთ. ჩააბრუნეთ ქილები, თბილ ადეალაში გაახვიეთ და გააჩერეთ, რომ კომპოტი კარგად გაგრილდეს.

ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, შინდს უფრო მეტი მოყვარული გამოუჩნდება. ეს კენკრა მრავალი საუკუნის განმავლობაში, ბევრ ქვეყანაში ჯანსაღი კვების ნაწილად მიიჩნეოდა. მოპოვებული 7000 წლის წინანდელი ცნობების თანახმად, ძველ საბერძნეთში შინდს საკვებ კულტურად იყენებდნენ. თანამედროვე აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიაში, შინდის კომპოტი კვლავ გამოიყენება, როგორც ჯანსაღი ხილის სასმელი.