ჩიტის რძე სუფლეს კრემითა და უგემრიელესი მინანქრით. ასეთი გემრიელი დესერტი, დიდი ხანია, არ დამიგემოვნებია

2637

დღეს თქვენთვის, ჩვენი მკითხველისთვის ძალიან გემრიელი რეცეპტი გვაქვს! ჩიტის რძე – დესერტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან გვიყვარს. ამ კლასიკური რეცეპტითა და უბრალო ინსტრუქციით, ჩიტის რძეს მარტივად მოამზადებთ თავად სახლის პირობებში. მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას და პირობას გაძლევთ, ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოგივათ.

ახლა კი გადავინაცვლოთ ჩემს სამზარეულოში და ერთად მოვამზადოთ ძალიან გემრიელი ჩიტის რძე სუფლეს კრემით, კლასიკური რეცეპტის მიხედვით. სტატიის ბოლოში თქვენ იხილავთ ვიდეოსაც, რომელშიც დეტალურად არის ნაჩვენები და აღწერილი თითოეული ნაბიჯი. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი რეცეპტი მოგეწონებათ.

ჩიტის რძე სუფლეს კრემით

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:

  • 7 კვერცხის გული
  • 100 გრამი კარაქი
  • 200 გრამი ფქვილი
  • 100 გრამი შაქარი
  • ვანილის ექსტრაქტი
  • გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები სუფლესთვის: 

  • 20 გრამი ჟელატინი
  • 400 გრამი შაქარი
  • 140 მლ წყალი
  • 6 კვერცხის ცილა
  • 100 გრამი შესქელებული რძე
  • 200 გრამი კარაქი
  • ლიმონმჟავა
  • ვანილი

ინგრედიენტები მინანქრისთვის:

  • 250 გრამი შაქარი
  • 140 მლ წყალი
  • 70 მლ ნაღები
  • 80 გრამი კაკაო
  • 8 გრამი ჟელატინის ფირფიტები
  • 50 გრამი შავი შოკოლადი

მომზადება:

  1. პირველ რიგში, მოვამზადოთ ბისკვიტი. 6 კვერცხის გული მოათავსეთ ღრმა თასში, დაუმატეთ 100 გრამი შაქარი და კარგად ათქვიფეთ. როდესაც მასა გათეთრდება, ჩაამატეთ მასში ვანილის ექსტრაქტი და ოდნავ გამდნარი კარაქი, განაგრძეთ თქვეფა იქამდე, სანამ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ბოლომდე არ გაიხსნება.
  2. ფქვილში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, მოურიეთ კარგად და შემდეგ ჩაამატეთ მომზადებულ ნარევში, ურიეთ კოვზის გამოყენებით.
  3. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ჩაასხით მასში ბისკვიტის ცომი და თანაბრად გადაანაწილეთ.
  4. წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ ბისკვიტი გამოსაცხობად 15-20 წუთით. ამოიღეტ ის საცხობი ფორმიდან მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ოდნავ შეგრილდება.
  5. გაგრილებული ბისკვიტი გაჭერით შუაზე და შემდეგ გადადით სუფლეს მომზადებაზე.
  6. პირველ რიგში, უნდა გავამზადოთ ჟელატინი. მოათავსეთ ფხვნილი პატარა ჭურჭელში, დაასხით წყალი და გააჩერეთ დაახ. 10 წუთით.
  7. სანამ ჟელატინი ისვენებს, ოთახის ტემპერატურის კარაქი კარგად თქვიფეთ იქამდე, სანამ გათეთრდება და მოცულობაში გაიზრდება.
  8. თქვეფის პროცესში კარაქში ჩაამატეთ 100 გრამი შესქელებული რძე ნელ-ნელა, ეტაპობრივად.
  9. როდესაც ორივეი ნგრედიენტი ერთმანეთში კარგად გაიხსნება, გადადგით გვერდზე და დაასვენეთ ცოტახნით.
  10. მოამზადეთ სიროფი, რისთვისაც 400 გრამი შაქარი უნდა მოათავსოთ ქვაბში, დაუმატოთ 140 მლ წყალი და დადგათ მაღალ ტემპერატურაზე. როდესაც სიროფი დაიწყებს წამოდუღებას, პარალელურად უნდა შეუდგეთ ცილის გათქვეფას.
  11. 6 კვერცხის ცილა მოათავსეთ ღრმა თასში და თქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე. თქვეფის პროცესში დაუმატეთ ლიმონმჟავა ჩაის კოვზის წვერით და ვანილი ამავე რაოდენობით.
  12. სიროფი რომ მზად იყოს, უნდა იდუღოს იქამდე, სანამ არ მიაღწევს 118 გრადუსს. თუ თერმომეტრი არ გაქვთ, დუღილის დაწყებიდან დაახლოებით 5-6 წუთის შემდეგ, როდესაც ის პატარა ბუშტუკებს გაიკეთებს, მზად იქნება.
  13. უკვე ადუღებული, მზა სიროფი გადაიტანეთ გათქვეფილ კვერცხის მასაში, აუცილებლად ურიეთ მუდმივად.
  14. 10-15 წუთის შემდეგ მიიღებთ ბეზეს არაჩვეულებრივ კრემს. ჟელატინის მასა, რომელიც დასაყოვნებლად დავტოვეთ, უნდა შევაცხელოთ დაახლოებით 60 გრადუსამდე და შემდეგ ჩავამატოთ ბეზესა და სიროფის მასაში. ნარევი უნდა ვთქვიფოთ კიდევ 10-15 წუთის განმავლობაში.
  15. კარაქისა და შესქელებული რძის მასას უნდა დავუმატოთ ბეზეს მზა კრემი აუცილებლად ნელ-ნელა, ეტაპობრივად, რათა ის ჩავარდეთ. მიქსერი არ გამოიყენოთ, ინგრედიენტები ერთმანეთში ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა შეურიოთ.
  16. ბისკვიტის ქვედა ნაწილი გადაიტანთ ტორტის რგოლში ან საცხობ ფორმაში, ზემოდან კარგად წაუსვით სუფლეს კრემის ნახევარზე ოდნავ მეტი, ზემოდან დაადეთ ბისკვიტის მეორე ნაწილი და კვლავ წაუსვით მორჩენილი კრემი. შედგით ის მაცივარში და დატოვეთ დაახ. 3-4 საათით.
  17. ახლა კი სწორედ ის დროა, გადავიდეთ მინანქრის მომზადებაზე. ჟელატინის ფირფიტები წინასწარ უნდა დავალბოთ წყალში.
  18. საშუალო ზომის ქვაბში მოათავსეთ მოცემული რაოდენობით შაქარი, დაამატეთ კაკაოს ფხვნილი, 120 მლ ცივი წყალი და ნაღები, მოურიეთ ძალიან კარგად, რათა ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად გაიხსნას და შემდეგ გადაიტანეთ ცეცხლზე. აუცილებლად ურიეთ ძალიან კარგად და მუდმივი მორევის პირობებში მიიყვანეთ მასა დუღილამდე.
  19. როდესაც ნარევი დუღილს დაიწყებს, გადმოდგით ის ცეცხლიდან, შემდეგ ჩაამატეთ შოკოლადი და ჟელატინის დამბალი ფირფიტები, მოურიეთ ძალიან კარგად. მზა მასა აუცილებლად გაატარეთ ძალიან წვრილ საცერში, რათა კაკაოს ზედმეტი ფხვნილი და ჰაერის ბუშტუკები მოშორდეს.
  20. მოასხით ის ჩიტის რძეს ზემოდან და შემდეგ კარგად გადაანაწილეთ ის თხელი საგნის გამოყენებით. შედგით მაცივარში დაახლოებით 2 საათით.
  21. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მორთოთ მზა ჩიტის რძე თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ორნამენტით.
  22. გემრიელად მიირთვით!