შუ თხილის კრემითა და შოკოლადის სოუსით – აწი შუებს მხოლოდ ამ რეცეპტით მოამზადებთ

1886

შუ კრემით – ერთ–ერთი ყველაზე გემრიელი ნამცხვარია. ის ფრანგული საკონდიტროს გამორჩეული დესერტია.

შუს ცომის მოსამზადებლად კარაქი ცხელ წყალში დნება და ფქვილი ემატება, შემდეგ ამ ნაზავს დაბალ ცეცხლზე უნდა ვურიოთ, სანამ მასა რბილი და ერთგვაროვანი არ გახდება. სათითაოდ ემატება კვერცხები. რბილი ცომი ჩვეულებრივად იდება საკონდიტრო ტომსიკაში. შუს ცომი ცხობისას ადვილად ფუვდება, გამოიყენება კრემიანი ღვეზელებისა და ეკლერების, ასევე მრავალი სხვა ნამცხვრის მოსამზადებად.

ინგრედიენტები: 

ცომი: 

  • 1 ფინჯანი (250 მლ) წყალი
  • 90 გ კარაქი
  • 1 ფინჯანი (150 გ) ფქვილი
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 4 დიდი კვერცხი

თხილის კრემი: 

  • 1 ფინჯანი (250 მლ) ნაკლებცხიმიანი ნაღები
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
  • 2 სუფრის კოვზი Frangelico (თხილის ლიქიორი)

შოკოლადის სოუსი:

  • 125 გ შავი შოკოლადი, წვრილად გახეხილი
  • 1 სუფრის კოვზი წყალი
  • 3 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1/3 ფინჯანი შაქარი

ულუფა: 6-8

მომზადება: 40 წუთი + 1 საათი გასაგრილებლად

ცხობა: 40 წუთი

დონე: 3

მომზადების წესი:

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი 200 გრადუსზე.
  2. შუს ცომი: წყალი და კარაქი საშუალო ზომის ქვაბში დაბალ ცეცხლზე ადუღეთ.
  3. პატარა ჯამში შეურიეთ ფქვილი, შაქარი და მარილი. კარაქიან წყალს ეს ნაზავი დაუმატეთ და ხის კოვზით ურიეთ, სანამ ნაზავი ქვაბის კედლებს არ მოსცილდება, დაახლოებით 5 წუთი.
  4. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ 5 წუთი.
  5. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები, სანამ არ გაიქნება. უნდა მიიღოთ ფაფუკი ცომი.
  6. ორ საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  7. ცომი საკონდიტრო ტომსიკაში გადაიტანეთ.
  8. დასვით გოლფის ბურთის ზომის 16 ბურთულა, დაიცავით დისტანცია.
  9. აცხვეთ 10 წუთი. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს 190 გრადუსამდე და კიდევ 20 წუთი აცხვეთ, სანამ არ გაფუვდება და ოქროსფერი გახდება და ოქროსფერი გახდება.
  10. გამორთეთ ღუმელი, გამოიღეთ შუები და თითოეულ მათგანს ჭრილი გაუკეთეთ. დააბრუნეთ ღუმელში და კიდევ 10 წუთი დატოვეთ გამოსაშრობად.
  11. გადაიტანეთ ლანგარზე და გააგრილეთ.
  12. თხილის კრემი: პატარა ჯამში ათქვიფეთ ნაღები. როდესაც გასქელებას დაიწყებს, დაუმატეთ შაქრის პუდრი და ლიქიორი და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ მყარ კრემს არ მიიღებთ.
  13. საკონდიტრო ტომსიკას საშუალო ზომის ვარსკვლავის ფორმის თავაკი მოარგეთ და აავსეთ კრემით. თითოეულ შუში ჩადეთ კრემი.
  14. შოკოლადის სოუსი: პატარა ქვაბში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ შოკოლადი და წყალი. დაუამატეთ კარაქი და შაქარი და ურიეთ შაქრის გადნობამდე.
  15. შოკოლადის სოუსი შუებს მოასხით და სუფრაზე მიიტანეთ.

გაუზიარეთ შუს ეს რეცეპტი მეგობრებს.