შვედეთის პრინცესის ტარტი მარციპანით

1241

ეს არის ცნობილი ტარტი, რომელსაც შვედეთის თითქმის ყველა საკონდიტროში იხილავთ. ჯერ მარტო მისი სილამაზე რად ღირს,  აი გემო კი მართლაც აღგაფრთოვანებთ. და დღეს გასტრონომიის რედაქცია სწორედ ამ პოპულარული ტარტის რეცეპტით გაგანებივრებთ. მიჰყევით რეცეპტს ნაბიჯ-ნაბიჯ…

ინგრედიენტები: 

ბისკვიტი 

  • 1/2 ჭიქა (75 გ) ფქვილი
  • 1/2 ჭიქა (75 გ) სახამებელი
  • 1 ს.კ. გამაფხვიერებელი
  • 1/8 ჩ.კ. მარილი
  • 4 კვერცხი
  • 1 ჭიქა (200 გ) შაქარი

შიგთავსი 

  • 620 მლ რძე
  • 1 ვანილის ჩხირი (შუაზე გაყოფილი და თესლგამოცლილი)
  • 6 კვერცხის გული
  • 100 გ შაქარი
  • 50 გ სახამებელი
  • 3 ს/კ კარაქი
  • 2 ჭიქა (500 მლ) ნაღები (გასქელებამდე ათქვეფილი)
  • 120 გ ჟოლოს მურაბა

მარციპანი 

  • 4 ჭიქა (400 გ )წმინდად დაფქული ნუში
  • 150 გ შაქარი
  • 230 გ შაქრის პუდრი +მოსაყრელად
  • 2 კვერცხი (ათქვეფილი)
  • 1 ჩ.კ. ნუშის ექსტრაქტი
  • მწვანე და წითელი საკონდიტრო საღებავი (პასტა)

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი. ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ. ტორტის საცხობ ფორმას (23 სმ) კარაქი წაუსვით.
  2. ფქვილი, სახამებელი, გამაფხვიერებელი და მარილი გაცერით და ათქვიფეთ.
  3. ცალკე ათქვიფეთ კარაქი და შაქარი (დაახლოებით 5 წუთი).
  4. ფქვილისა და კვერცხის ნარევი ერთმანეთს შეურიეთ. გადაიტანეთ საცხობ ფორმაში.
  5. აცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში (ოქროსფერი უნდა გახდეს).
  6. ფორმაშივე გააცივეთ დაახლოებით 10 წუთით, შემდეგ კი ცხაურზე გადაიტანეთ და ბოლომდე გააცივეთ.
  7. შიგთავსი. რძე და ვანილი ერთად წამოადუღეთ.
  8. კვერცხის გული, შაქარი და სახამებელი თქვიფეთ გათეთრებამდე და გასქელებამდე. ცხელი ვანილიანი რძე კვერცხის ნარევს შეურიეთ და ქვაბში გადაიტანეთ. 3-5 წუთით დაბალ ცეცხლზე დადგით და გასქელებამდე ურიეთ.
  9. გადმოდგით და ათქვიფეთ. გადაიტანეთ სხვა ჯამში. გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და რომ გაგრილდება, გასაცივებლად მაცივარში შედგით.
  10. მარციპანი. ნუში, შაქარი და შაქრის პუდრი ერთმანეთში აურიეთ. დაამატეთ კვერცხი, ნუშის ექსტრაქტი და ათქვიფეთ.
  11. მაგიდას შაქრის პუდრი მოაყარეთ. ამოიღეთ ერთი პეშვი მარციპანი და შეინახეთ (ეს გასაფორმებლად დაგჭირდებათ).
  12. მარციპანს მწვანე საღებავი დაამატეთ და ერთგვაროვანი მწვანე ფერის მიღებამდე მოზილეთ.
  13. ბისკვიტი დაკბილული დანით ჰორიზონტალურად სამ ფენად გაჭრით. ბისკვიტის შუა ნაწილი ზედა ფენისთვის გადაინახეთ. ერთი ფენა თეფშზე დადეთ და ჟოლოს მურაბით დაფარეთ, შემდეგ შაქრის პუდრი მოაყარეთ. დააფარეთ მეორე ფენა  და კრემის ნაწილით დაფარეთ.
  14. 1 ჭიქა ამოყვანილი ნაღები გადაინახეთ. დანარჩენით კი ბისკვიტის ბოლო ფენა დაფარეთ, ბისკვიტები ერთმანეთზე დააწყვეთ. ბოლო, მესამე ფენა ფრთხილად დაადეთ და კრემის დარჩენილი ნაწილი ბორცვის მსგავსად ცენტრში აამაღლეთ. ნამცხვარი მთლიანად კრემით დაფარეთ.
  15. მწვანე მარციპანი 40 სმ დიამეტრის წრის ფორმაზე გააბრტყელეთ. ნამცხვარს ფრთხილად დააფარეთ და გაასწორეთ. შედგით მაცივარში 2 საათით.
  16. გადანახულ მარციპანს წითელი საღებავი შეურიეთ და მოზილეთ. გააბრტყელეთ. გააკეთეთ 2,5 სმ სიგრძისა და 3 მმ სიგანის ლენტი.  ლენტი ისე დაახვიეთ, რომ ვარდის ფორმა მიიღოს.
  17. ნამცხვარს შაქრის პუდრი მოაყარეთ. მარციპანის ვარდი ნამცხვრის ზედაპირის ცენტრში მოათავსეთ. დაჭერით და მიირთვით.