ღორის და ბატკნის ხორცის დაბასტურმების და მწვადის შეწვის წესი

3112

მწვადის სირბილე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული – ხორცი, ნაკვერცხლის სიმხურვალე, წვის ხანგრძლივობა. ხორცი რაც უფრო ცოტა ხანია ცეცხლზე, მით უფრო რბილი გამოდის მწვადი შიგნიდან, რადგან გარედან უცბად იწვება, იკუმშება და შიგ არსებულ წვენს გამოსვლის საშუალება არ ეძლევა, მაგრამ თუ კიდევ დიდხანს გაჩერდა ცეცხლზე, მაშინ შიგნიდანაც გამოშრება და გამაგრდება. ხორცი არ გამოშრება აგრეთვე, თუ წვის პროცესში ცოტ-ცოტა ღვინოს მოვასხამთ.

ღორის მწვადი 

  1. სამწვადედ გამოვიყენოთ: სუკი, ნეკნები, ანტრიკოტი. დავჭრათ ხორცი, დავაყაროთ მარილი,შავი პილპილი და დაჭრილი ხხვი. ავურიოთ კარგად. დავაყოვნოთ 3-4 სთ გრილ ადგილას. ასე მომზადებულ ხორცს ბასტურმა ეწოდება.
  2. ხორცი ავაგოთ შამფურზე და შევწვათ წალმის ნაკვერცხალზე. (წალამი არის ვაზის გასხვლის შემდეგ დარჩენილი გამხმარი ვაზის რქა). დროდადრო შამფური ვატრიალოთ, რომ ხორცი ყოველი მხრიდან შეიწვას. შემწვარი ხორცი შამფურიდან გადავიღოთ ღრმა ჭურჭელში, დავუმატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და მოვასხათ ბროწეულიდან გამოწურული წვენი.

ბასტურმა შეიძლება შემდეგნაირადაც მოვამზადოთ: 

დაჭრილ ხორცს დავაყაროთ მარილი, შავი პილპილი, დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი და ძმარი, თუმცა ძმრის მაგივრად უკეთესია ღვინის გამოყენება, რადგან ძმარი აშრობს ხორცს.

ბატკნის მწვადი

ინგრედიენტები:

  • ბატკნის ხორცი – 500 გ
  • დუმა – 50 გ
  • საშუალო ზომის ბადრიჯანი 2 ცალი
  • პამიდორი 2-3 ცალი
  • მწვანე ხახვი – 100 გ
  • ოხრახუში 50 გ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

  1. მსუბუქი ბატკნის ხორცი ნეკნების ჩათვლით დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და ხელით დავზილოთ. უმჯობესია, თუ ასე მომზადებულ ხორცს გავაჩერებთ გრილ ადგილას დაახლოებით 1-2 სთ. შემდეგ წამოვაგოთ შამფურზე. ამავე შამფურზე წამოვაგოთ ბადრიჯანი, რომელიც დატენილია მარილით, პილპილით და დაკეპილი კამით შეზავებული ცხვრის დუმით და გულამოჭრილი მთელი პამიდორი. შევწვათ. ბატკნის მწვადი რომ შეწითლდება, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ არ გამოშრეს. ამიტომ დროდადრო უნდა წავუსვათ გამდნარი დუმა ან კარაქი.
  2. შამფურიდან მოცილებულ მწვადს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ოხრახუში. უხდება ლიმონიც.