ქათმის საცივი – უგემრიელესი კერძის ოდნავ განსხვავებული, ნაცადი რეცეპტი

4294

თითქმის ყველა ქართულ ოჯახს საცივის მომზადების საკუთარი რეცეპტი და ტრადიცია აქვს, ყველა ოჯახში ინახება ძველისძველი რეცეპტები. საცივს ახალი წლის სურნელი დაჰყვება. საცივის მომზადება კი მთელი რიტუალია, საახალწლო სამზადისის ყველაზე გემრიელი ნაწილი. მაგრამ დღესდღეობით საცივს ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრისთვისაც ამზადებენ. სწორედ ასეთი დღისთვის მოვამზადებთ დღეს საცივს, ოდნავ განსხვავებული რეცეპტით.

ინგრედიენტები:

  • 1 დიდი ქათამი
  • 800 გ გატარებული ნიგოზი
  • თითო ს.კ. ქინძი, ზაფრანა, მიხაკი, დარიჩინი და უცხო სუნელი
  • 400 გ ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მარილი
  • წიწაკა
  • ქათმის ბულიონი

მომზადების წესი:

  1. ქათამი ნახევრად მოვხარშოთ და შემდეგ ღუმელში შევწვათ, დავჭრათ ნაჭრებად. ხახვი მოვშუშოთ ბულიონის ცხიმში. თუ ცხიმი აკლდება, ცოტა კარაქი დავუმატოთ.
  2. ნიგოზი, ხახვი და ნიორი ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ სანელებლები და ხელით ვზილოთ, სანამ ზეთი გამოუვა, შემდეგ ზეთი გადავინახოთ.
  3. ნიგვზის მასა 2 ჭიქა ბულინთან ერთად საცერზე გავატაროთ ან ბლენდერით ავთქვიფოთ.
  4. საცივის სოუსს დავასხათ იმდენი ბულიონი, რომ სასურველი კონსისტენცია მივიღოთ, ჩავაწყოთ ქათმის ნაჭრები და მუდმივი მორევით წამოვადუღოთ. სუფრაზე გატანის წინ საცივს მოვასხათ ნიგვზის ზეთი.

რედაქციის რჩევა

ქათამი შეგიძლიათ ინდაურით ჩაანაცვლოთ. საცივი გემრიელი რომ გამოვიდეს უმჯობესია, ნიგვზის მასა საცერზე გავატაროთ და არა ბლენდერით ავთქვიფოთ. ძალიან უხდება ცოტაოდენი ჯანჯაფილი. თუ სანელებლები დააკლდა, მანამდე ჩავუმატოთ, სანამ წამოვადუღებთ. გარდა ქათმისა და ინდაურისა, შეგვიძლია საცივი მოვამზადოთ ასევე კურდღლით და თევზით.