ქათამი ნიორწყალში-ეს არის ქართული კერძი, რომელიც ოვაციებს იმსახურებს.

6801

ნივრით კერძების შეზავება შეიძლება ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ გამოკვეთილ ნიშნად ჩაითვალოს. ამ ბოსტნეულს ცხელ თუ ცივ კერძებში ხშირად შეხვდებით. განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება ნიორი სხვადასხვა სოუსსა თუ საწებელში, რომელშიც ფრინველის ან საქონლის ხორცს დებენ.

მისი რეცეპტი კი ასეთია:

მასალა:

  • ქათალი – 1 ცალი
  • ნიორი – 2 კბილი
  • ზეთი – 80 მლ (ქათმის შესაწვავად)
  • წყალი – 200 მლ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. შუაზე გაჭერით ქათამი მკერდის მხრიდან და ბოლომდე გადაშალეთ. კარგად გაამშრალეთ, შეაზილეთ მარილი და შეწვით (ტაბაკად) გახურებულ ზეთიან ტაფაზე. ჯერ მაღალ ცეცხლზე დაბრაწეთ კანის მხრიდან 5-6 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და კიდევ 5-6 წუთს გააჩერეთ. გადაატრიალეთ ქათამი და ახლა მეორე მხრიდან შეწვით 12-16 წთ. კარგად რომ დაიბრაწოს, აუცილებლად დაადეთ ქათამს სიმძიმე (ან შეწვით პრესიან ტაფაზე).
  2. ორივე მხრიდან კარგად რომ შეიწვება, ქათამი გადმოიღეთ ცალკე ჭურჭელში და ნამწვავიანი ტაფა დაბალ ცეცხლზე დატოვეთ.
  3. თასში ჩაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და დაამატეთ 200 მლ ადუღებული წყალი. ნიორწყალი ჩაასხით ნამწვავიან ტაფაში და მოურიეთ, რომ ქათმის ნამწვავი კარგად გაიხსნას.
  4. მიღებული სოუსი მოასხით ქათამს და სუფრასთან სასურველი ჭურჭლით მიიტანეთ.