უგემრიელესი ფეტვიანი ჭვიშტარი, რომელიც პირში დნება

2084

სვანურ სამზარეულოში სხვადასხვა სახის ცომეულის მომზადებისას ფეტვი ხშირად გამოიყენება. ის ემატება როგორც გულსართს, ისე – საკუთრივ ცომს. საქართველოში სიმინდის კულტურის შემოსვლამდე ფეტვი ქართული რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. ჯერ კიდევ სტრაბონი და პროკოფი კესარიელი იხსენიებენ ფეტვს, როგორც კოლხეთში გავრცელებულ საკვებს. ფეტვიანი ჭვიშტარი კი მართლაც უგემრიელესი კერძია.

ინგრედიენტები: 

  • მჭადის ფქვილი – 250 გ
  • დაფქული ფეტვი – 250 გ
  • სულგუნი – 450  გ
  • წყალი – 250 მლ
  • ზეთი – 90 მლ

მომზადების წესი: 

  1. ერთმანეთში შეურიეთ მჭადის ფქვილი, დაფქული ფეტვი და გახეხილი სულგუნი, ნელ-ნელა დაამატეთ წყალი და  მოზილეთ ცომი. ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი და ხელში არ უნდა ” იბზარებოდეს”.
  2. ტაფაზე დაასხით ზეთი და ნელ ცეცხლზე გააცხელეთ.
  3. ფეტვის ჭვიშტარს მიეცით სასურველი ფორმა და გაცხელებულ ტაფაზე შეწვით ორივე მხრიდან. თითოეული მხარე დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. კარგად რომ დაიბრაწოს.
  4. შემწვარი ფეტვის ჭვიშტარი გადმოიღეთ ხელსახოცზე, რათა ზეთი შეიწოვოს.

მოამზადეთ აუცილებლად, დააგემოვნეთ და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ კომენტარებში.