ტრადიციული ჭახრაკინა ჭარხლის ფოთლის, ყველის და არაჟნის უგემრიელესი გულსართით

5681

ჭახრაკინა ოსური ხაჭაპურის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც გავრცელებულია შიდა ქართლში. მზადდება ჭარხლის ფოთლითა და ყველით. გულსართში ზოგჯერ ცოტა არაჟანსაც უმატებენ. გასტრონომია ჭახრაკინას ძველ, ტრადიციულ რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა: 

ცომისთვის:

  • ფქვილი – 200 გ
  • საფუარი – 5 გ
  • შაქარი – 2 გ
  • მარილი – 5 გ
  • ზეთი – 20 მლ
  • წყალი – 100 მლ
  • კარაქი ან ერბო – 20 გ

გულსართისთვის:

  • ჭარხლის ფოთოლი – 300 გ
  • იმერული ყველი (ნაკლებად მარილიანი) – 200 გ
  • მწვანე ხახვი – 10 გ
  • ქინძი – 10 გ

მომზადების წესი:

  1. თბილ წყალში გახსენით საფუარი და შაქარი. ცალკე თაში ფქვილს შეურიეთ მარილი, დაასხით საფუვრიანი მასა და მოზილეთ რბილი ცომი. მომზადებული ცომი გადაზილეთ ზეთში დასველებული ხელით. ჩადეთ ღრმა თასში და ზემოდან მშრალი ტილო გადააფარეთ. 30 წუთში ისევ გადაზილეთ და აცადეთ ცომს, რომ კარგად ამოფუვდეს.
  2. გულსართისთვის ჭარხლის ფოთლები (ღეროები არ დაგჭირდებათ) კარგად გარეცხეთ, დაჭერით, ჩაყარეთ თასში, მოაყარეთ მარილი, მსუბუქად დაზილეთ და 30 წუთს გააჩერეთ. შემდეგ გადაიტანეთ საწურზე, ზედმეტი წვენი რომ დაიწუროს. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი. მწვანე ხახვი და გახეხილი ყველი.
  3. ცომი რომ კარგად აფუვდება, აიღეთ 300 – გრამიანი გუნდა, გააბრტყელეთ, ჩაუდეთ გულსართი და მოუკარით თავი ისე, რომ შუაში 2 სმ ზომის ნასვრეტი დარჩეს (სასურველია, ჭახრაკინა იყოს 1 სმ სისქის). გამოაცხვეთ ღუმელში 220 – 250 გრადუსზე. კარგად რომ დაიბრაწება, გამოიღეთ და ზემოდან კარაქი ან ერბო გადაუსვით.