სპაგეტი კლასიკური ტომატის საწებელით – დააგემოვნეთ ნამდვილი იტალიური გემო

3888

ეს პასტის კლასიკური იტალიური საწებელია. სპაგეტის გარდა, იგი სხვა ფორმის პასტებსაც უხდება. მომზადება დროს მოითხოვს, ამიტომ ორმაგი ულუფა მოამზადეთ და ნაწილი 2-3 დღით მაცივარში  შეინახეთ.

შეამჩნევდით, რომ ყველა რეცეპტში მითითებულია  სპაგეტის მოხარშვის დონე – Al dente. ეს იტალიური ტერმინია და გულისხმობს “ბოლომდე მოუხარშავს”.

პასტის ხარშვისას შეფუთვაზე მითითებული მომზადების დრო ზუსტად დაიცავით. ორგანიზმი სწორად მომზადებულ პასტას  ადვილად  გადაამუშავებს. ასეთ პასტას დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რაც სისხლში შაქრის დონის არასასურველ მატებას აგაცილებთ.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ წვნიანი პამიდორი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 კონა რეჰანი
  • 3 ს.კ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 1/2 ჩ.კ შაქარი
  • 500 გ სპაგეტი
  • ყველი პარმეზანი

მომზადების წესი:

  1. კანგაცლილი, მსხვილად დაჭრილი პამიდორი მოათავსეთ ქვაბში, მოაყარეთ ცოტა მარილი, დააფარეთ და საშუალო ცეცხლზე 5 წთ შუშეთ. გადაიტანეთ საწურზე და 1 საათი დატოვეთ.
  2. დაწრეტილი პამიდორი ჩააწყვეთ ქვაბში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, რეჰანის ნორჩი ფოთლები, ზეთი, შაქარი და მარილი. ნახევრად დაახურეთ და დაბალ ცეცხლზე 40 წთ-მდე ადუღეთ, სითხემ რომ მოიკლოს. შემდეგ სამზარეულოს კომბაინში ერთგვაროვან მასად აქციეთ.
  3. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩააყარეთ მარილი და მაღალ ტემპერატურაზე აადუღეთ, ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ (Al dente).
  4. მომზადებული სპაგეტი შემთბარ ჯამში გადაიტანეთ. დაუმატეთ საწებელი და ჯამი მსუბუქად შეანჯღრიეთ.
  5. კერძი სუფრაზე ცხელი მიიტანეთ, რეჰანის ფოთლებით მორთეთ და გახეხილი ყველი მოაყარეთ.

კლასიკური სპაგეტი მზადაა, შეგიძლიათ დააგემოვნოთ!