როდესაც შოკოლადის ეს ტორტი მეგობართან დავაგემოვნე, რეცეპტის ჩასანიშნად მაშინვე კალამი და ფურცელი მოვიმარჯვე. თქვენც გირჩევთ

2162

შოკოლადის ეს ტორტი, რომლის მომზადების რეცეპტსაც დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ, პირველად მეგობართან დავაგემოვნე. მისი გემოთი და არომატით იმდენად მოვიხიბლე, მეგობარს დაუყონებლივ რეცეპტის გაზიარება ვთხოვე და სახლში მისულმა, პირველ საქმედ მისი დამოუკიდებლად მომზადება ავირჩიე. ჩემდა გასაკვირად, მარტივი ინსტრუქციით დამზადებული შოკოლადის ეს ტორტი პირველივე ჯერზე იმდენად გემრიელი გამომივიდა, რომ ოჯახის ყველა წევრისგან შექებაც კი დავუმსახურე. ახლა მსურს, თქვენც გასწავლოთ, თუ როგორ მოამზადოთ არაჩვეულებრივი, შოკოლადის მკვეთრი გემოთი გამორჩეული ეს ტორტი დამოუკიდებლად.

შოკოლადის უგემრიელესი ტორტი

ინგრედიენტები ცომისთვის: 

  • 1 ჩაის ჭიქა რძე
  • 2 ჩაის ჭიქა შაქარი
  • 3 ჩაის ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ.კ. ვანილი

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 250 გრამი ნაღები (ნებისმიერი ცხიმიანობის)
  • 1 ჩაის ჭიქა შაქარი
  • 250 მლ არაჟანი
  • 250 მლ ნატურალური იოგურტი

მომზადება: 

1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, ცალკე ჭურჭელში შერუეით ერთმანეთში მოცემული რაოდენობით კარგად გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.

2. ათქვეფილი კვერცხისა და შაქრის მასა ჩაამატეთ ფქვილისა და გამაფხვიერებლის ნარევში, დაამატეთ ვანილი, რძე და კაკაოს ფხვნილი. გულდასმით ურიეთ ყველა ინგრედიენტის სრულ გახსნამდე და ერთგვაროვანი, საშუალო სისქის მასის მიღებამდე.

3. მზა ცომი მოათავსეთ საცხობ ფორმაში და შედგით 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად 30-40 წუთით. როდესაც მზა ბისკვიტი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, გაჭერით ის შუაზე, ორ ფენად.

4. ახლა დროა, შეუდგეთ კრემის მომზადებას. არაჟანი და შაქარი კარგად ათქვიფეთ მიქსერის გამოყენებით, ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით ნატურალური იოგურტი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ. ცალკე ჭურჭელში კარგად ათქვიფეთ ნაღები და ამის შემდეგ გააერთიანეთ ორივე მასა. მიქსერის გამოყენებით ურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. კრემი მზად არის!

5. კარგად დაკრემეთ ჩვენი შოკოლადის ბისკვიტის პირველი ფენა, დაადეთ ზემოდან მეორე ნაწილი და კვლავ გადაუსვით კრემი. ზემოდან შეგიძლიათ მორთოთ ის თხილეულით, გახეხილი შოკოლადით, კენკრით ან ხილით, არჩევანი მხოლოდ თქვენი გასაკეთებელია. სურვილისამებრ, სართავად გამოიყენეთ სხვადასხვა პროდუქტები ერთად.

პირობას გაძლევთ, როდესაც ამ დესერტს პირველად დააგემოვნებთ, ის აუცილებლად შეგიყვარდებათ. აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და თავად ცადეთ შოკოლადის ძალიან გემრიელი ტორტის მომზადება დამოუკიდებლად.

მოგეწონათ რეცეპტი? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!