როგორ მოვამზადოთ ვეგეტარიანული ძეხვი ბარდისგან

2852

თუ ვეგეტარიანელი ხართ, მაგრამ ძალიან გიყვართ სახლში მომზადებული ძეხვი, ნუ მოიწყენთ. ჩვენ გთავაზობთ ბარდისგან მომზადებული ძეხვის შესანიშნავ რეცეპტს.

რატომ ბარდა? საქმე იმაშია, რომ ბარდა მცენარეული ცილის რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს. მასში პრაქტიკულად იმდენივე ცილაა, რამდენიც ძროხის ხორცში.

ბარდა არამხოლოდ სასარგებლო ცილებს, არამედ ბევრ შეუცვლელ ნივთიერებას შეიცავს, ესენია: ფოსფორი, სელენი, რკინა, მანგანუმი და თუთია.

ძეხვი ბარდისგან

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ბარდა
  • 3 ს.კ. ჭარხლის წვენი
  • 2 ჩ.კ. ქინძი
  • 6 კბილი ნიორი
  • 2 ჩ.კ. მარილი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • მუსკატის დაფქული კაკალი გემოვნებით

მომზადების წესი

1. თავდაპირველად აუცილებელია მოამზადოთ ბარდა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბარდის ფანტელები ან შეწვათ ბარდა მშრალ ტაფაზე, შემდეგ კი დააბლენდეროთ. ამის შემდეგ დაასხით დაბლენდერებულ ბარდას მის მოცულობასთან შედარებით 2-ჯერ მეტი მდუღარე წყალი და ადუღეთ 10 წუთით, პიურეს კონსისტენციამდე.

2. დააბლენდერეთ ნიორი, დაუმატეთ ჭარხლის წვენი, სანელებლები და მარილი, მოურიეთ. ამის შემდეგ დაუმატეთ ბარდა და ზეთი. კვლავ დააბლენდერეთ.

3. აიღეთ პლასტმასის ბოთლი და გაჭერით მისი ზედა ნაწილი. გაავსეთ ბოთლი ძეხვის ნაზავით. ბოთლის ზედა ნაწილი არ უნდა იყოს ვიწრო, რადგან შემდგომში მისგან ძეხვის ამოღება გაგიჭირდებათ.

4. გააცივეთ ძეხვი. პროცედურის დასაჩქარებლად შეგიძლიათ იგი ცივი წყლით სავსე ჭურჭელში მოათავსოთ, ამის შემდეგ კი მაცივარში გააცივეთ ძეხვი. გემრიელად მიირთვით!

დაიმახსოვრეთ, რომ ბარდისგან მომზადებული ძეხვი მაცივარში ძალიან მცირე ხნით ინახება.