რით არის მშვენიერი ნაზი ტორტი „პლომბირი“

691

ყველაზე მონდომებულ და გამოცდილ დიასახლისებსაც ღუმელთან მუშაობა არ უყვართ. სწორედ ამ ნაწილის გამო ტორტის მომზადებისგან თავს იკავებენ. თუმცა გადაწყვეტილება არსებობს! „გასტრონომია“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ტორტი „პლომბირი“ ტაფაზე სახლის პირობებში.

ტორტი „პლომბირი“ სახლის პირობებში

ტორტის მომზადება ცოტა დროს წაგართმევთ, მაგრამ შედეგად წარმოუდგენლად გემრიელ ტკბილეულს მიიღებთ. გასაკვირი არცაა, რადგან ვანილის კრემი და ხაჭოს ფენების კომბინაცია ნაყინის გემოს ძალიან ჰგავს.

კრემის ინგრედიენტები:

  • 450 მლ რძე
  • 150 გრ არაჟანი
  • 2 კვერცხი
  • 170 გრ შაქარი
  • 70 გრ კარაქი
  • 2 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • ვანილი გემოვნებით
  • 2 ს/კ სახამებელი

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 200 გრ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 2,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება:

1. კრემის მომზადებით დაიწყეთ. ამისთვის კვერცხი, ვანილი, შაქარი, არაჟანი, სახამებელი და ფქვილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

2. საშუალო ცეცხლზე სქელ ძირიან ქვაბში რძე გააცხელეთ. 1/3 ცხელი რძე კვერცხი–არაჟნის მასაში ჩაასხით. კარგად აურიეთ და ყველაფერი კვლავ ქვაბში, დარჩენილ რძეს დაუმატეთ. ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და გასქელებამდე ხარშეთ. ხშირად აურიეთ.

3. როგორც კი კრემი გასქელდება, გაზქურიდან გადმოდგით და კარაქი დაუმატეთ. კვლავ აურიეთ და გაგრილება აცადეთ.

4. ბისკვიტის მოსამზადებლად ხაჭო, შაქარი, კვერცხი და ვანილი აურიეთ. ხაჭო საწურში გახეხილი წვრილი ან მსხვილ მარცვლოვანი უნდა იყოს. შემდეგ ნაწილ–ნაწილ ფქვილი და სოდა დაუმატეთ. თანდათანობით ცომი მოზილეთ.

5. მიღებულ ცომს ძეხვის ფორმა მიეცით და 8 ერთგვაროვან ნაწილად გაყავით. შემდეგ თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და ზუსტად 20 სმ დიამეტრის ფენები გამოჭერით.

6. მშრალ ტაფაზე ბისკვიტის ფენები ორივე მხრიდან რამდენიმე წუთით შეწვით. როგორც კი ზედაპირზე ბუშტები გაჩნდება, გადააბრუნეთ. ამრიგად რვა ბისკვიტის ფენა შეწვით.

მზა ფენები რბილი უნდა იყოს, ამიტომ არ გამოაშროთ. ცომის ნარჩენებიდან კიდევ ერთი ფენა გააკეთეთ, შეწვით და დააბლენდერეთ. ფხვნილი ტორტზე მოსაყრელად გამოიყენეთ.

7. ახლა შეგიძლიათ ტორტი ააწყოთ. პირველ რიგში, დიდი თეფში ცენტრში 1 ს/კ კრემი მოათავსეთ, რომ ტორტმა ზედაპირზე არ ისრიალოს. შემდეგ პირველი ფენა მოათავსეთ და კრემი (ზუსტად 2-3 ს/კ) წაუსვით. ასე ყველა ფენაზე გაიმეორეთ, მათ შორის ბოლო ფენაზე. ტორტის გვერდებსაც დარჩენილი კრემი წაუსვით.

ტორტს დაქუცმაცებული ბისკვიტის ფენა მოაყარეთ და 2 საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. შემდეგ მინიმუმ 3 საათით მაცივარში შეინახეთ. მზადაა!

ასეთი დესერტი საკმაოდ სველი და ზომიერად ტკბილი გამოვა. რეცეპტი შეინახეთ და ოჯახის წევრები ამ ტკბილეულით გაახარეთ. გემრიელად მიირთვით!