რატომ უნდა მისცეთ საფუარის ცომს ბაფთის ფორმა

933

უბრალო ფუნთუშა ყაყაჩოთი ან დარიჩინით შეგიძლიათ სასურველ ტკბილეულად აქციოთ. აფუებული საფუარის ცომით ბაფთები გააკეთეთ და ღუმელში გაამგზავრეთ. ვფიქრობდი სისულელე გამოვიდოდა, არადა დიდებული ფუნთუშა–ბაფთა მივიღე. გემრიელი, არომატული და საოცრად ლამაზი!

დღეს საფუარის ცომიდან ფუნთუშა–ბაფთის მომზადების ინსტრუქციას გთავაზობთ. ყველაფერი ძალიან მარტივია. ეს ბაფთები კი პირში უბრალოდ დნება.

ფუნთუშა–ბაფთა

ცომის ინგრედიენტები:

  • 320 გრ ფქვილი
  • 30 გრ კარაქი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ/კ საფუარი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 200 მლ რძე
  • მწიკვი მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ შაქარი
  • 2 ჩ/კ დარიჩინი
  • 2,5 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. ცომისთვის ფქვილი თასში გაცერით. აქვე საფუარი დაუმატეთ და აურიეთ.

2. ცალკე თასში თბილი რძე ნახევარ კვერცხს (მეორე ნახევარი ცხობის წინ ფუნთუშებზე წასასმელად დაგჭირდებათ), შაქარს, გამდნარ კარაქს, მცენარეულ ზეთს და მწიკვ მარილს აურიეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და მშრალ ნარევს დაუმატეთ.

3. შემდეგ რბილი ცომი მოზილეთ, დაამრგვალეთ, პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას 60 წუთით გააჩერეთ.

4. ამოსული ცომი ჩაზილეთ და თანაბარ ნაწილებად გაყავით. ამ რაოდენობის ცომიდან დაახლოებით 12, ბურთებად დამრგვალებული ნაჭერი გამოგივათ.

თითოეული დაახლოებით 3-4 მმ სისქის წრედ გააბრტყელეთ. ცოტა მცენარეული ზეთი წაუსვით, დარიჩინის და შაქრის ნარევი მოაყარეთ. ცომზე წასასმელად მცენარეული ზეთის ნაცვლად შეგიძლიათ გამდნარი კარაქი გამოიყენოთ.

5. ბაფთების ფორმისთვის ცომი შუაზე გაკეცეთ, შემდეგ ნახევარწრის შუა ნაწილზე 2 ჩანაჭერი გააკეთეთ. ამოჭრილი ზოლი ცომის ქვეშ შეახვიეთ და დაამაგრეთ. შუაში ზოლებს კოვზით დააჭირეთ, რომ ბაფთამ ფორმა შეინარჩუნოს.

6. მზა საცხობ ფორმაზე ბაფთები მოათავსეთ, პირსახოცი დააფარეთ და ამოსასვლელად თბილ ადგილას ნახევარი საათით გააჩერეთ. ამოსულ ბაფთებს ათქვეფილი კვერცხი წაუსვით და წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მომზადებამდე აცხვეთ.

7. ესეც ასე, ბაფთის ფორმის არომატული ფუნთუშები მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ასეთი ფუნთუშა–ბაფთა როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს მოეწონებათ! ყველაზე ნაცრისფერი დილაც კი ჯადოსნური გახდება, თუ საუზმეზე ჩაის ან ყავას ასეთ ფუნთუშებს მიაყოლებთ. რეცეპტი გამოცდილია, ხოლო საკონდიტრო ნაწარმი ყოველთვის გამოგივათ!

სხვათა შორის, შიგთავსისთვის დარიჩინის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყაყაჩო, ქიშმიში ან დაქუცმაცებული ნიგოზი შაქართან ერთად.