საქართველოს ყველა კუთხე გამორჩეულია თავისი ტრადიციული კერძებით. იმერეთი ნამდვილად ღირსეულად იხვეჭს სახელს მხალეულის საკმაზებით. აქ მომზადებული ნებისმიერი მხალი მართლაც კულინარიული შედევრია. დღეს გასტრონომია ერთ-ერთ იმერულ რეცეპტს გაგიზიარებთ. ეს კერძი არის ბადრიჯანი ნიგვზით. აუცილებლად ჩაიწერეთ რეცეპტი.
ინგრედიენტები:
- ბადრიჯანი 2 კგ
- ნიგოზი 300 გ
- ხახვი 2-3 თავი
- ნიორი 3-4 კბილი
- ზაფრანა 1 ჩაის კოვზი
- ძმარი 1 სუფრის კოვზი
- მარილი, მიხაკი და დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი:
- პატარა ზომის ბადრიჯნები ჩავჭრათ სიგრძეზე, მოვხარშოთ და გავწუროთ. ამისათვის დავალაგოთ სათითაოდ ორ ფიცარ შორის სიმძიმის ქვეშ.
- ხახვი დავჭრათ წვრილად, დავუმატოთ ცოტა მარილი, ძმარი და ხელით ვზილოთ სანამ არ დარბილდება. (ამ პროცესს იმერეთში ” ხახვის მოკვლას” ეძახიან).
- შემდეგ დავუმატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ზაფრანა, მიხაკ-დარიჩინი, პილპილი და გავაგრძელოთ ზელვა ზეთის გამოსვლამდე.
- ზეთი დროებით შევინახოთ.
- გამზადებული საკაზმი ჩავტენოთ ბადრიჯანში და გადავუსვათ გარედანაც.
- დავალაგოთ თეფშზე და ზემოდან მოვასხათ გამოწურული ზეთი.