მესხურ-ჯავახური ხინკლის მომზადების ტექნოლოგია

2729

ყველაზე გემრიელი და ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი – დიახ ეს ხინკალია! ნებისმიერმა ქართველმა თუ უკვე არაქართველმა დიასახლისმა იცის ხინკლის მომზადება, მაგრამ ყველა კუთხე თავისებურად ამზადებს ხინკალს.  დღეს ჩვენ სამცხე-ჯავახეთის ხინკლის მომზადების ტექნოლოგიას გაგაცნობთ.

მოდით ერთად მოვამზადოთ უგემრიელესი ხინკალი ჩვენი რეცეპტის მიხედვით.

ინგრედინტები:

  • ფქვილი 1 კგ
  • კვერცხი 1 ცალი
  • წყალი 1,5 ჩაის ჭიქა
  • ხორცი 1 კგ
  • მარილი გემოვნებით

მესამე ვარიანტისთვის დამატებით:

  • ქინძი და ოხრახუში 30-30 გ
  • წიწაკა გემოვნებით

მასალა კარტოფილიანი ჩასართისთვის:

  • კარტოფილი 1 კგ
  • ერბო 2 სუფრის კოვზი
  • ხახვი 2 თავი

მოვზილოთ ხინკლის ცომი: 

  1. ხორბლის ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, შუაში ჩავაღრმავოთ, ჩავასხათ ცივი, მარილიანი წყალი, 1 ცალი კვერცხი და მოვზილოთ მაგარი ცომი.
  2. გავაბრტყელოთ და 7-8 სმ სიგრძის ოთხკუთხედ ნაჭრებად დავჭრათ.
  3. შიგ ჩავდოთ წინასწარ გამზადებული ხორცი, თავი მოვუკრათ და ჩავყაროთ მარილიან, მდუღარე წყალში.
  4. დაახლოებით 10-15 წუთში, როცა მდუღარე ქვაბში ორთქლი “შეცივდება” (ხელს რომ გადაატარებ, არ დაგწვავს), ხინკალი ქაფქირით გაშლილ დიდ თეფშზე ამოვიღოთ.
  5. ზედ მოვასხათ ერბოში მოშუშული ხახვი და მივიტანოთ სუფრაზე.

ხინკალში ჩასადები ხორცი სხვადასხვანაირად მზადდება: 

პირველი ვარიანტი – ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, შევაზავოთ მარილით და ცომში ჩავდოთ თითო-თითო ნაჭერი.

მეორე ვარიანტი – წვრილად დაჭრილი ხორცი მოვშუშოთ ცოტა რაოდენობის ცხიმში, შევაზავოთ მარილით და ისე ჩავდოთ ცომში.

მესამე ვარიანტი – ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპში წიწაკასთან, ქინძთან და ოხრახუშთან ერთად. შევაზავოთ მარილით, კარგად ავურიოთ და ჩავდოთ ცომში.

ხორცის მაგივრად იხმარება კარტოფილიც. 

მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ, დავფშვნათ, დავუმატოთ ერბოში მოშუშული ხახვი და 15 წუთი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. ოდნავ შევაგრილოთ და ჩავდოთ ცომში.

კარტოფილიან ხინკალს უხდება ნიორწყალი და მაწონი.