მართლაც უგემრიელესია მესხური ქადები, რომლის ცხობისას სურნელი მთელს სოფელს სწვდება

3467

ქადა მესხეთსა და ჯავახეთში აუცილებელი სადღესასწაულო ნამცხვარი იყო. ქორწილის დროს ოჯახში მოსულ მახარობელს ტაბაკით ქადა, ჰალვა და ოთხი ანთებული სანთელი უნდა მოეტანა და ასე შეხვედროდა ნეფეს. გასტრონომია სწორედ ამ ქადის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

  • ღორის ქონი (ან ერბო) – 200 გ
  • ფქვილი – 400 გ
  • წყალი -200-250 გ
  • მარილი – 1 ჩ.კ.

გულსართისთვის:

  • ფქვილი – 200 გ
  • ღორის ქონი (ან ერბო) – 1 ს.კ.
  • მარილი -1 ჩ.კ.

მომზადების წესი:

  1. ფქვილს დაამატეთ მარილი, დაასხით წყალი და მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი. შეფუთეთ და გააჩერეთ. 20 წუთის შემდეგ გადაზილეთ და ისევ გააჩერეთ 15-20 წუთს. გულსართისთვის ღორის ქონში მსუბუქად მოხალეთ ფქვილი და დაამატეთ მარილი.
  2. ცომი გამოიტანეთ მაგიდაზე, გააბრტყელეთ ოთხკუთხედ ფორმაზე დაახლოებით 1 სმ სისქემდე და მოასხით გამდნარი ღორის ქონი. შემდეგ დაიწყეთ ცომის გაწელვა (გამოშლა): მიჰყევით ნაპირებიდან – ხელით ჯერ ნაპირები გაათხელეთ და შემდგომ შუა ნაწილიდან გამოშალეთ. საბოლოოდ უნდა მიიღოთ ძალიან დიდი და თხელი, თითქმის გამჭვირვალე ფირფიტა.
  3. ცომის ერთი ბოლო მუჭში მოიქციეთ და ხელზე გადაიხვიეთ. მერე მისი ერთი ნაპირი შეკარით, ისე რომ ცომის გუნდამ ქოთნის ფორმა მიიღოს. შუაში ჩაუდეთ გულსართი, მოუკარით თავი და ხელით მსუბუქად დატკეპნეთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში.