თაშმჯაბი – მადისამღვძრელი, ძველი სვანური კერძი

3180

თაშმჯაბი სვანური კერძია, რომელიც ახალი ყველისა და კარტოფილისგან მზადდება. ქვემო სვანეთში მას მერწვს უწოდებენ. ეს კერძი მეგრულ ელარჯს წააგავს, ოღონდ, ელარჯი სიმინდის ღერღილით მზადდება. ამ კერძისთვის საჭიროა ჭყინტი ყველი, რომელიც გაცხელებისას იწელება.

თუ ამ ტიპის ყველი არ გვაქვს, შეგვიძლია სულგუნი გამოვიყენოთ. რაც შეეხება კარტოფილს, არ არის რეკომენდებული ახალი კარტოფილი. როგორც წესი თაშმჯაბში გამოიყენება კარგად შემოსული კარტოფილი, რომელიც ხარშვისას იშლება.

ინგრედიენტები:

  • 600 გ მოხარშული კარტოფილი (კანგაცლილი)
  • 600 გ ყველი
  • კარაქი
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. მოხარშული კარტოფილი დავჭყლიტოთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. ყველი თხელ ფენებად დავჭრათ.
  2. კარტოფილი მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში, დავასხათ 1 ჭიქამდე წყალი და დაბალ ცეცხლზე ამოვზილოთ.
  3. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, თანდათან დავუმატოთ ყველი და განუწყვეტლივ ვზილოთ ხის ჩოგნით. ყველი და კარტოფილი ერთგვაროვან მასად რომ გადაიქცევა და ამოღებისას გაიწელება, მზადაა. თუ საჭიროა, დავამატოთ მარილი.
  4. თაშმჯაბი ამოვიღოთ ჯამში და ცოტაოდენი კარაქი დავუმატოთ. მივირთვათ ცხელი.

გემრიელად მიირთვით!