ვანილის უტკბილესი კრემ ანგლეზი – დაგჭირდებათ მხოლოდ 4 ინგრედიენტი

1541

ვანილის კრემ ანგლეზი არის კვერცხით, რძით, შაქრითა და ვანილით მომზადებული მოხარშული კრემი. ის არ სქელება ფქვილით ან სიმინდის სახამებლით. ეს კრემი სქელია იმიტომ, რომ დაბალ ცეცხლზე მომზადებისას და განუწყვეტელი მორევით კვერცხის ცილა ნელ-ნელა ასქელებს მასას. კრემ ანგლეზი სუფრაზე მიაქვთ ხილის ღვეელთან, ტარტთან და სხვა დესერტთან ერთად.

ინგრედიენტები: 

  • 1 ფინჯანი (250 მლ) რძე
  • 1/2 ვანილის ჩხირი, სიგრძეზე გაჭრილი
  • 3 დიდი კვერცხის გული
  • 50 გ შაქარი

გამოდის: დაახლოებით 375 მლ კრემი

მომზადება: 20 წუთი

დონე: 1

მომზადების წესი:

  1. რძე და ვანილის ჩხირი პატარა ქვაბით საშუალო ცეცხლზე შემოდგით, სანამ ადუღდება. გადმოდგით ცეცხლიდან.
  2. საშუალო ზომის ჯამში გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი.
  3. გოგლიმოგლის ერთი მესამედი ნელა ჩაასხით ცხელ რძეში, თან განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ დარჩენილი მასაც დაუმატეთ და გააზავეთ.
  4. ნაზავი ჩაასხით სუფთა, პატარა ქვაბში და დაბალ ცეცხლზე შემოდგით. განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით, სანამ არ გასქელდება.
  5. მოხარშული კრემი წმინდა საწურში გაწურეთ და სუფრაზე პატარა ფიალით მიიტანეთ.

ვანილი კლასიკური არომატის მქონე სანელებელია და, როგორც წესი, გამოიყენება კრემ ანგლეზის (ინგლისური კრემი) მოსამზადებლად, მაგრამ ამ კრემის მომზადება სხვა სანელებლებითაც შეიძლება:

დარიჩინის კრემ ანგლეზი: დაუმატეთ დარიჩინის ჩხირი რძეს და დაბალ ცეცხლზე შეათბეთ. ჩხირი მანამდე ამოიღეთ, სანამ რძეს კვერცხის მასას შეურევთ.

ყავის კრემ ანგლეზი: რძეს შეთბობის  დროს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა.

შოკოლადის კრემ ანგლეზი: რძეს დაუმატეთ დატეხილი ან გახეხილი 60 გ შავი შოკოლადი. ურიეთ, სანამ არ გაიხსნება.

ლიქიორით არომატიზებული კრემ ანგლეზი: უკვე მომზადებულ მოხარშულ კრემს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი სასურველი ლიქიორი. ” გრან მარნიეს” დამატებისას მოხარშული კრემი ფორთოხლის არაჩვეულებრივ არომატს იძენს.