ესპანური ღვეზელი ვიშნით

1096

წმინდა იოანე ნათლისმცემლის დღე კატალონიელებისა და ესპანელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მას სპეციალური მასშტაბით აღნიშნავენ: რამდენიმე დღით ფეიერვერკებით, ბანაობით, კოცონითა და ხმამაღალი მუსიკით მხიარულობენ.

ამ დღესასწაულზე დიასახლისებს სპეციალური მისია აკისრიათ: გამოაცხონ ტრადიციული ღვეზელი-კოკა დე სან-ხუანი. რეცეპტები ესპანეთის რეგიონების მიხედვით განსხვავდება: ღვეზელი შეიძლება იყოს როგორც მარილიანი, ისე ტკბილი. იგი მზადდება ღორის გამდნარი ქონით ან ხილის პიურეს, ციტრუსისა და ცუკატის დამატებით.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ამ დესერტის მეტნაკლებად გავრცელებულ ვერსიას მოხარშული კრემით, ვიშნითა და კაკალით. ინგრედიენტებში მითითებულია ვიშნის ჩირი, თუმცა, შეგიძლიათ ასევე ქორფა, საკუთარ წვენში დაკონსერვებული ან გაყინული ვიშნის გამოყენებაც. ფიჭვის კაკალი იაფი ნამდვილად არ არის, ამიტომ მისი დამატება ღვეზელში თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. მის ნაცვლად გამოიყენეთ ნუშის ფირფიტები, ღვეზელი ასე არანაკლებ გემრიელი გამოვა.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ხორბლის ფქვილი
  • 200 მლ რძე
  • 135 გრ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ანისი
  • მწიკვით მარილი
  • ფივის კაკალი გემოვნებით
  • 5 გრ მშრალი საფუარი
  • 5 ც კვერცხი
  • 30 მლ ლიქიორი
  • 80 გრ კარაქი
  • 20 გრ სიიმინდის სახამებელი
  • 200 გრ ვიშნის ჩირი

მომზადების წესი

1. გააცხელეთ ლიქიორი, დაასხით იგი ანისის თესლს, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ, რომ გაღვივდეს.

2. მოამზადეთ ცომი: შეურიეთ ერთმანეთს 100 გრ ხორბლის ფქვილი და მშრალი საფუარი, დაასხით 100 მლ თბილი რძე, თასს გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 10 წუთით.

3. მოამზადეთ მოხარშული კრემი: პატარა ქვაბში შეურიეთ ერთმანეთს 1 ც კვერცხი, სახამებელი, 75 გრ შაქარი და დარჩენილი თბილი რძე. დაადგით ქვაბი ცეცხლზე და მუდმივად მოურიეთ, სანამ არ შესქელდება. მსუბუქად გააცივეთ მასა, შემდეგ გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და შეინახეთ მაცივარში.

4. მზა ცომს დაუმატეთ 3 ც კვერცხი, მარილი, 60 გრ შაქარი და გაფილტრული ლიქიორი. შემდეგ დაუმატეთ 300 გრ გაცრილი ფქვილი და მოურიეთ, შემდეგ კიდევ 100 გრ ფქვილი დაუმატეთ და მოურიეთ. დაუმატეთ კარაქი, მოზილეთ რბილი ცომი, გადააფარეთ ცელოფანი და შეინახეთ მაცივარში 8 საათით.

5. მსუბუქად გააბრტყელეთ ცომი ოვალურად და გადაიტანეთ იგი პერგამენტზე. კრემით გაუკეთეთ ზედაპირზე ქსელისებრი ხაზები.

6. პატარა თასში ათქვიფეთ 1 ც კვერცხი წყალთან ერთად. ეს ნაზავი წაუსვით ნამცხვარს, ოღონდ ისე, რომ კრემს არ შეახოთ. კრემისგან გაკეთებულ ხაზებს შორის მოათავსეთ ვიშნა და ფიჭვის კაკალი.

7. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ღუმელის ქვედა ნაწილში მოათავსეთ წყლით სავსე საცხობი ლანგარი, საშუალო ნაწილში კი ღვეზელი. გამოაცხვეთ დესერტი 25-30 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!