განსაკუთრებული წვნიანი ორაგულით და ფორთოხლის ცედრის არომატით

1456

თუ გინდათ წვნიანი ცხარე იყოს, დაამტეთ წიწაკა ან ახალდაფქული პილპილი. ამ წვნიანს ძალიან უხდება ფორთოხლის ცედრის არომატი.

ინგრედიენტები: 

  • 500 გ ორაგული (სასურველია თევზის თავიც)
  • 4-5 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 საშუალო ზომის სტაფილო
  • 2 თავი ხახვი
  • 100 გ ბრინჯი
  • 1/2 ჩ.კ. პროვანსული ბალახების ნაკრები
  • 1/2 ჩ.კ. ხმელი ბაზილიკი
  • 2 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა
  • 1/2 ლიმონის წვენი
  • ბაჰარის რამდენიმე მარცვალი
  • ოხრახუში, კამა

მომზადების წესი:

თევზს დაასხით დაახლოებით 2-2,5 ლ წყალი და დაფნის  ფოთოლსა და სურნელოვან პილპილთან ერთად მოხარშეთ. სხვა ქვაბში დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ  წვრილად გახეხილი სტაფილო  და ხახვი, სასურველია ზეითუნის ზეთში. ამ მასას დაასხით თევზის გადაწურული ბულიონი, ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი და აადუღეთ. შემდეგ ჩააყარეთ ბრინჯი, ბაზილიკი და პროვანსული ბალახები. კერძის მომზადებამდე მოხარშული თევზი ფეხებსა და კანისგან გაარჩიეთ, დაანაწილეთ პატარა ნაჭრებად. როცა წვნიანი მზად იქნება, ბოლო მომენტში დაამატეთ თევზი, ფორთოხლის ცედრა და დააწურეთ ლიმონის წვენი. მზა წვნიანს დააყარეთ მარილი და მწვანილი.

პროვანსალური ბალახების ნაკრები – წარმოადგენს გამშრალი მცენარეების ნაკრებს, რომლის შემადგენლობაშიც შედის  როზმარინი, ბაზილიკი, ბეგქონდარა, სალბი, პიტნა, ქონდარი და თავშავა. ამ სანელებელს ფრანგი კულინარები იყენებენ თევზის, შემწვარი ხორცისა და ხორცის ფარშით მომზადებულ კერძებში.

ბაზილიკი – ევროპაში ფართოდ გავრცელებული სუნელია. იგივეა, რაც ჩვენებური რეჰანი (გურიაში შაშკვლავს ეძახიან), ოღონდ მწვანეფოთლებიანი ჯიში. აქვს სასიამოვნო სუნი და არომატი. ბაზილიკს იყენებენ პიცაში, ძალიან უხდება ბოსტნეულის კერძებს და სალათებს. მის გარეშე წარმოუდგენელია იტალიური სამზარეულო. გამოიყენება როგორც ნედლი, ისე გამშრალი სახით.

ბაჰარი – ბაჰარი არის მცენარე Pimenta dioica officinalis – ის უმწიფარი ნაყოფი, რომელიც  ერთდროულად შეიცავს დარიჩინის, მიხაკის, შავი პილპილისა და ჯავზის არომატს. აქვს ცხარე გემო და განსაკუთრებით უხდება ხორცის, ძირითადად ცხვრის კერძებს. გამოიყენება  მარინადებსა და ზოგიერთი სახის ნამცხვარში.